23.ივლისი .2021 17:20

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე ყველგან, მათ შორის ღია სივრცეში

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე ყველგან, მათ შორის ღია სივრცეში
views 445
უკან

იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ამ მიზნით, იგეგმება სოფლის ამბულატორიების მობილიზება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება დიდი ქალაქების სავაჭრო ცენტრებში.

ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის, ჯამში, 2 მლნ დოზა და მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს, რათა ქვეყანა ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების საფრთხისა და შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება. "აღინიშნა, რომ საჭიროების შესაბამისად, ჯანდაცვის უწყება განაგრძობს ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციას. ამასთან, კოვიდის მართვის პროცესში დამატებით ჩაერთო 4 კლინიკური სასტუმრო, უახლოეს დღეებში კი კიდევ 9 ახალი სასტუმრო ჩაერთვება.  საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები საყურადღებოა, თუმცა მთავრობა სრულად მართავს პროცესს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე - ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში.

როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ, ემატება ლიბანი და იორდანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა