მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით დაუფარავს

5f2bafb8eb334
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 11:19
1541
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კვლავ ამოქმედდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა და მესამე ეტაპი იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„მესამე ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველა ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე, ჩვენ გვესმის, რომ შემდგომი 2 წელი კრიტიკული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა საქართველო როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა რეგიონში და გლობალური ეკონომიკის ნაწილი ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გააგრძელებს მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების კომპენსირებას.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი და იგივე პრონციპით, როგორც აქამდე იყო 200 კვტ სთ და 200 მ3 გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა: „რა თქმა უნდა, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამულად ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“.