27.ოქტომბერი .2020 23:30

„მთავრობა მზადაა, თუ ფასი კრიტიკულ ზღვრამდე მივა, ხორბლის სუბსიდირების მექანიზმი გამოიყენოს“ - სილაგავა

„მთავრობა მზადაა, თუ ფასი კრიტიკულ ზღვრამდე მივა, ხორბლის სუბსიდირების მექანიზმი გამოიყენოს“ - სილაგავა
views 247
უკან

საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის ივლისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო თვენახევარში კი ფასი ერთ ტონა ხორბალზე თითქმის 55 დოლარით გაიზარდა. საქართველოში ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ფასები 200 დოლარიდან 250 დოლარამდე გაიზარდა.

ხორბალზე ფასის ზრდის ფონზე გაძვირდა ფქვილიც. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ფქვილზე ფასი 2 ლარითაა მომატებული, თუმცა არის მოლოდინი, რომ ნოემბერში საერთაშორისო ბაზრის ტრენდი ფქვილის ფასზე მეტად აისახება.

ხორბალზე არსებული ფასი და ფქვილის ღირებულება იყო ერთ-ერთი თემა, რაც რამდენიმე დღის წინ დაისვა ბიზნესსა და პრემიერის შეხვედრაზე. როგორც ირკვევა, თუ ფასის ზრდა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს, მთავრობა კვლავ სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს.

„მთავრობა მზადაა თუ ფასი მივიდა იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომ შეიძლება ეს აისახოს შემდგომ პროდუქტში, როგორიც არის პური, მთავრობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ხორბლის ფასის სუბსიდირება. ეს მექანიზმი გამოყენებული იყო მარტის თვეში, მაშინ, როცა იგივე ტენდენციები განვითარდა და 240 დოლარის ფარგლებში მივიდა ფასები, ამან კი საშუალება მოგცვა ფასები მაშინ დაგვებალანსებინა და პურის ფასში ეს არ გადასულიყო.

კრიტიკული ზღვარი ეს არის, თუ 250 დოლარის ფასი ერთ ტონა ხორბალზე შენარჩუნდა და ტენდენცია განვითარდა“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

შეგახსენებთ, მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ზაფხულში 1,6 მილიონი გამოყო. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ 40 000 ტონა ხორბალი დაასუბსიდირა. მთავარი პირობის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებდნენ ერთი ტომარა ფქვილი მაქსიმუმ 51 ლარად უნდა გაეყიდათ. 

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიებს ერთ ტონა ხორბალზე მაქსიმუმ 40 დოლარის მოცულობის სუბსიდია უნდა მიეღოთ, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, მაქსიმალური ფასი, რაც კომპანიებმა წარმოადგინეს 37 დოლარი იყო და ამ ნაწილში სუბსიდიის პროგრამის ბიუჯეტი ნაწილობრივ დაიზოგა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა