მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "საყოველთაო ჯანდაცვის" პროგრამის რეფორმირებას გეგმავს

60f1380998609
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.21 12:00
1260
საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირებას და მის გაფართოებას გეგმავს - შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის 10-წლიანი სტრატეგია ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანამ “დასავლეთ ევროპულის” მსგავსი “სოციალური კოდექსი” უნდა შეიმუშავოს და ჯანდცვის პროგრამები გააფართოვოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის წარადგენს მთავრობა ამ კანონპროექტს და რამდენი მილიარდი ლარი დაუჯდებათ გადასახადის გადამხდელებს ახალი პროგრამის დაფინანსება.

“სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სადაზღვევო რეფორმა ითვალისწინებს სოლიდარობის პრინცპიზე დამყარებული მოდელის ევროპულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ სისტემასთან შედარებით, მოსახლეობის მნიშვნელოვნად მეტ საჭიროებას ფარავს,”- ნათქვამია პრეზენტაციაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.

საგულისხმოა ფაქტი, რომ ამ დოკუმენტში ჯანდაცვის სამინისტრომ მისი გეგმა არც მეტი, არც ნაკლები - გერმანიის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას შეადარა და მიანიშნა რომ უწყება განიხილავს ბევრად უფრო ფართო დაფარვის ჯანდაცვის პროგრამები დააფინანსოს. მაგრამ, როგორც ჩანს, უწყებას მხედველობიდან გამორჩა ფაქტი, რომ საქართველო ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და გერმანიის მშპ ერთ მოსახლეზე ($45,700) საქართველოს მშპ-ს ერთ მოსახლეზე ($4,272) ზუსტად 10.7-ჯერ აღემატება.



ახალი სოციალური კოდექსით მთავრობა ჯანდაცვის პროგრამების გარდა, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების გაფართოებასაც გეგმავს, მათ შორის საუბარია "უმუშევრობის დაზღვევის" სისტემის შემოღებაზეც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური კოდექსის მიღება 2023 წლისთვის განიხილება
 
თავის მხრივ, გასათვალისწინებელია თავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაც. ბოლო 6 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ხარჯები მის დაფინანსებას ყოველწლიურად აღემატებოდა. მაგალითად, 2020 წელს პროგრამის დადგენილი ბიუჯეტი 802 მილიონი ლარი იყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ ამაზე 146 მილიონი ლარით მეტი შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფაქტობრივი მოთხოვნის სწორად პროგნოზირება უჭირს. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ გაფართოებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაც იმაზე უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ამას მთავრობა ვარაუდობს.