მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "სოციალური კოდექსის" შემუშავებას იწყებს

60d07d93527f8
ინგა მურუსიძე
21.06.21 16:00
785
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ იწყებს მუშაობას. პროცესის დაწყების შესახებ დღეს სიმბოლური პრეზენტაცია ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

როგორც პრეზენტაციის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განმარტა, დღეიდან სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება დისკუსიები და შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, ევროპული სტანდარტის „სოციალური კოდექსი“ უნდა ჩამოყალიბდეს.

“დღეს იყო სოციალური კოდექსის შემუშავების დაწყების ოფიციალური ცერემონიალი. კოდექსზე მუშაობის ძირითადი მიზანი არის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე იყოს შესაბამისი დაცულობა და ეს დაცულობა თავის თავში მოიაზრებს როგორც ფულად გასაცემლებს თავის თავში, ასევე ჯანდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას, შრომის ბაზრის პოლიტიკას და დასაქმებაში ხელშეწყობას, ისევე როგორც უმუშევრობის რისკების დაზღვევას და გადაზღვევას.

ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც დღეს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის სისტემებით არის გარანტირებული. სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში შევისწავლით სხვადასხვა სისტემებს, იქნება ეს ძველი თუ ახალი წევრი ქვეყნები ევროკავშირის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამ დროისთვის ჩვენი სოციალური კოდექსი უნდა იყოს ისეთივე სტანდარტით, როგორიც არის ევროკავშირში“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, აქ არ არის საუბარი მხოლოდ სოციალურ და მონეტარულ გასაცემელზე, თუმცა მათ შორის მონეტარულ გასაცემელზეც იქნება საუბარი, ასევე დაზღვევის სისტემაზე, უმუშევრობის რისკების დაზღვევაზე, ჯანდაცვის რისკებზე, პრეპარატებზე ხელმისაწვდომობასა და ა.შ.