09.ივლისი .2020 11:18

მთავრობა რთველს დაასუბსიდირებს - რქაწითელის, კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

views 215
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდია ისევ განხორციელდება და რქაწითელსა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გამოყოფილია ბიუჯეტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალება აქვს მიღებული. გახარიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვებში სახელმწიფოც ჩაერევა.

“რთველი გვაიხლოვდება. ყველამ იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე იყო სოფელი, ფერმერი და ქართველი გლეხი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქართველი გლეხი გაგვეძლიერებინა... 

ყველა ხედავს, ბოლო წლებში როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა, 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, მეღვინეობა 2012 წელს ქართულ ექსპორტში იყო 2.5%, დღეს არის 6%. ეს არის ძალზე სერიოზული დინამიკა განვითარებისა.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდენს რთველის სუბსიდიას - ქართული ყურძნის, განსაკუთრებით ისეთ ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე. მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.