მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების 600 მილიონით შემცირებას გეგმავს

5ece35bb506e3
დავით ჯალაღონია
27.05.20 13:49
1023
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს რამდენიმე მაჩვენებელი გააცნო.

"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, დაკორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უახლოესი კვირის, ან ათი დღეის ვადაში შევა.

აქვე, გახარიამ ბიზნესის მხარდასაჭერად საჭირო ფინანსებზე გაამახვილა ყურადღება.

"3 მილიარდი ლარი არის საჭირო ქვეყნისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად და სოციალური მხარდაჭერის იმ გეგმებისთვის, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ. რეალურად ეს დელტა წარმოადგენს 4 მილიარდ 200 მილიონ ლარს. ეს იყო ის საწყისი ეტაპი, რომლითაც ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები დავიწყეთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაასრულა მოლაპარაკებები და შეათანხმა სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ახალი პროგრამის შეთანხმება სსფ-თან ნიშნავდა სხვა დონორებთან მუშაობის გამარტივებას, რაც სულ რაღაც 2-3 კვირის განმავლობაში, როგორც ფაქტი დადასტურდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო მხარდაჭერა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან მილიარდ 500 მლნ დოლარის ოდენობით და ამ თანხის გარკვეული ნაწილის ათვისება უკვე დავიწყეთ, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის მოთხოვნილებები, ჩვენი ლიკვიდობის პრობლემა მოვაგვარეთ, ბიზნესთან ერთად დავიწყეთ დონორებთან საუბარი და ჩვენი კერძო სექტორისთვის, საბანკო-საფინანსო სექტორისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მივიღეთ თანხმობა მზაობაზე, რომ დამატებით მილიარდ 500 მილიონი დოლარი არის მათთვის მზად იმ შემთხვევაში, რომ როცა მათ ლიკვიდობის პრობლემა ექნებათ, ეს რესურსი აითვისონ", - განაცხადა გახარიამ.