მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საგადასახადო შეღავათების შეკვეცაზე მუშაობს - ბიუჯეტში მილიონების მობილიზება იგეგმება

6193c07066732
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.21 18:39
5956
ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაუქმებაზე მუშაობს. პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება USAID-ისა და IMF-ის ექსპერტების ჩართულობით თითოეული საგადასახადო შეღავათის ეფექტიანობის შეფასებაზე მუშაობს, ამ შეფასების შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტული შეღავათების გაუქმების თაობაზე.

საგადასახადო შეღავათების შეფასებაზე მუშაობა წინა ფინანსთა მინისტრის დროს დაიწყო და უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ივნისში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, რომ საგადასახადო შეღავათების მოცულობა წელიწადში 2 მილიარდ ლარამდე იყო. უცნობია ამ შეღავათების რა ნაწილის გაუქმებას განიხილავს დღეს ფინანსთა სამინისტრო, თუმცა ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეს მიმართულება სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“შეღავათების გაუქმება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაზეც ფინანსთა სამინისტრო მუშაობს და ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

USAID-თან და IMF-თან ვმუშაობთ თითოეული შეღავათის ეფექტიანობის შეფასებაზე, ვფიქრობ გვექნება დოკუმენტის ჩარჩო, რომლითაც მოხდება ყველა შეღავათის შეფასება.

მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საგადასახადო შეღავათები უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მაქსიმალურად მიზნობრივი. არ შეიძლება შეღავათით სარგებლობდეს ყველა ის პირი, რომელიც ამ შეღავათს არ საჭიროებს.

დღეს-დღეობით გვაქვს სიტუაცია, როდესაც გასულ წელს გვქონდა ისტორიულად მაღალი, 9%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი. ფისკალური კონსოლიდა ვერ მოხდება გადასახადების გაზრდის ხარჯზე, შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც რჩება კონსოლიდაციისთვის, ეს არის საგადასახადო შეღავათების მიმართულებით და ასევე ხარჯების მიმართულებით მუშაობა,”- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

2022 წლის ბიუჯეტით მთავრობა, ბიზნესიდან და მოსახლეობიდან 13.3 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს. შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების გარეშე ეს თანხა 15 მილიარდ ლარზე მეტი იქნებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის შეღავათების გაუქმებას განიხილავს მთავრობა.