21.თებერვალი .2022 16:24

მთავრობა საქართველოში ელექტრობატარეების წარმოებით ინვესტორების დაინტერესებას შეეცდება

მთავრობა საქართველოში ელექტრობატარეების წარმოებით ინვესტორების დაინტერესებას შეეცდება
views 656
უკან

მას შემდეგ, რაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის პროექტი გაჩერდა, მთავრობა გეგმავს მის ნაცვლად ადგილზე ელექტრობატარეების წარმოება წაახალისოს. დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ თუ დაინტერსება იქნება, მთავრობა მზადაა ინვესტორებს ხელი მაქსიმალურად შეუწყოს. 

"საკმაოდ სასურველია ელექტრომობილების წარმოება საქართველოში, მაგრამ რთული. პანდემიამ თავისი კორექტივები ალბათ შეიტანა. ჩვენთვის ასეთი სახის სამრეწველო ინვესტიციები, რომელმაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაასაქმოს, ძალიან პრიორიტეტულია. თუ მოხერხდა და იქნება ელექტრობატარეების წარმოებით დაინტერესება, ჩვენ ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად.

23 თებერვალს ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს, მათ შორის ელექტრომობილებისა და ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობის განხილვისთვის. ამ კვირაში შედგება ეს შეხვედრა ეკონომიკის სამაინისტროში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ: გეგმის მიხედვით, კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების  საწარმო. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილის დამზადება იყო გეგმაში,თუმცა კომპანია "აიგრუპმა" გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანიის გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაიხედა.

გასულ წელს, მოქმედმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებები განახლდა. „ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც“, - აღნიშნა პრემიერმა ოქტომბერში, თუმცა პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დროს გადაიდო.

„ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც იწყებოდა დიდი იმედებით, მაგრამ მის შემდგომ მსვლელობაში პანდემიამ კრიტიკული როლი შეასრულა. მსოფლიოში ძვირად ღირებული ავტომობილების, ელექტრომობილების შეძენაზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია. ის გეგმები, რაც მთავრობას გვქონდა, რომ საჯარო სექტორიც უნდა გადასულიყო ელექტრომობილებზე და ახალი შესყიდვები განეხორციელებინა და ადგილობრივი წარმოებისთვის მხარი დაეჭირა, გადაიდო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიუჯეტი ახლა სხვა პრიორიტეტებითაა დატვირთული;

თუმცა ჩვენ ვმუშაობთ არა უშუალოდ ელექტრომობილების, არამედ მაგალითად, საქართველოში ელექტრობატარეების წარმოების შექმნის პროექტზე, რომელიც შინაარსით მიახლოებულია ამ პროექტთან. აქაც ენერგიის დაზოგვასა და მწვანე ენერგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოების კლასტერი განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ როცა ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება, ეს ქარხანა ელექტრომობილების წარმოებით ამოქმედდება“, - განაცხადა თურნავამ გასული წლის დეკემბერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა