მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სასტუმროების, რესტორნების და ღამის კლუბების "უსაფრთხო სტატუსზე" მსჯელობს

606d8b7682bd9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.21 15:41
1359
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა უსაფრთხო სასტუმროების, რესტორნებისა და ღამის კლუბების სტატუსის შემოღებაზე მსჯელობს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის სტუმრობისას განაცხადა.

"მთავარი და ერთადერთი შველა ვაქცინაციაა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ იმ ღონისძიებათა გეგმაზე, რომელიც იქნება წამახალისებელი ბიზნესისა და უბრალოდ მოქალაქეებისთვის იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, იმისთვის რომ მათ წერტილოვანი შეზღუდვები არ შეეხოთ, ერთადერთი ხსნა ვაქცინაციაა. ვმუშაობთ და განვიხილავთ, რომ გარკვეული უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსები იყოს, რომელიც არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება. იცით, რომ მიუხედავად ყველა მოლოდინისა და რისკისა, საერთაშორისო ფრენები აღვადგინეთ და აცრილი უცხოელი ტურისტებისთვის ბაზრის გახსნა მაინც გადავწყვიტეთ, ასევე გავხსენით 40-მდე ქვეყანა, საიდანაც ტურისტები უბრალოდ PCR ტესტით შემოდიან, რადგან ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა განმარტავს, რომ რეგულაციების გამკაცრება არ ნიშნავს ტოტალურ "ლოქდაუნს", რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე იქნებოდა და დიდ დარტყმას მიაყენებდა, რისი რესურსიც აღარ გვაქვს. „არის ასეთი ამოცანა, რომ ჩვენ "ლოქდაუნის" გარეშე, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებით გავიდეთ ფონს, რომელსაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

BM.ge ეცდება მეტი დეტალი გაარკვიოს, რაზე მსჯელობს მთავრობა და არის თუ არა საქმის კურსში კერძო სექტორი.