მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სასტუმროებს 5 მლნ ლარის სესხის პროცენტის 80%-ს 6 თვის განმავლობაში დაუფარავს

5eb3e941e3d6c
ინგა მურუსიძე
07.05.20 15:00
1075
მოვახდენთ სასტუმროების საბანკო სესხების 80%-იან სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, სუბსიდირების პროგრამა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„სასტუმროებისთვის უპრეცენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ვთავაზობთ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ჩვენ აქ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მლნ ლარზე. ეს პროგრამა გაგრძელდება 6 თვე. ასევე დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ასევე დაეხმარება ჩვენს ტურისტულ ობიექტებს, რომ ახალი იმიჯი გაიტანონ ტურისტულ ობიექტებზე“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება კვების ობიექტებს და რესტორნებს. მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს სექტორი ალბათ ყველაზე სწრაფად აღდგება და შიდა ტურიზმიც გარკვეულად დატვირთავს ამ ობიექტებს.

„ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას მათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-იან თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-იან თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისა, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ და მოემზადონ ამოქმედებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, - აღნიშნა მინისტრმა.