19.ივნისი .2020 19:49

მთავრობა სათამაშო ბიზნესს მაკონტროლებელს უნიშნავს, 15-წლიანი ექსკლუზივი 1 კომპანიას ექნება

views 1792
უკან

ფინანსთა სამინისტრომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, თუმცა დამატებითი კითხვების გამო, საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი არ უყარეს და გადადეს.

კანონპროექტი ცვლილებებს ბევრი მიმართულებით ითვალისწინებს; მათ შორის, ჩნდება აზარტული და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ცნება, რაც აქამდე არ არსებობდა. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მკაფიოდ უნდა დარეგულირდეს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი (არარეზიდენტი) პირების მოქმედების საკითხი, რომლებიც არ ფლობენ თამაშების მიწოდების შესახებ ნებართვას.

"ასეთი ოპერატორები დღეს, ფაქტობრივად, საქმიანობენ ქართულ ბაზარზე, ხოლო მათ მიერ მოწყობილი თამაშები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულირებას. ისინი არ იხდიან შესაბამის მოსაკრებლებს და გადასახადებს და შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას”, - წერია დოკუმენტში.

ამასთან, ცვლილებებით, პირმა, რომელიც აფუძნებს სათამაშო ბიზნესს, უნდა დაადასტუროს საკუთარი ფინანსები და უნდა მოხდეს შესწავლა ბოლო ბენეფიციარამდე, მაგალითად, არის თუ არა ის ნასამართლევი.

კანონპროექტით, პირებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ განახორციელონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მიწოდება, 100 000 ლარის ოდენობით მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს სანქციებს,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევისთვის და ჯარიმა 2000 ლარი იქნება.

ყველაფერთან ერთად, დაგეგმილია, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური დაიქირავებენ კერძო საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც დაევალება გააკონტროლოს სათამაშო ბიზნესი და შეამოწმოს, რამდენად არის მათი ქმედებები კანონთან შესაბამისობაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის სანებართვო პირობების დარღვევა, არასრულწლოვნების მიერ აზარტულ თამაშებში ჩართვა და ა.შ. სახელმწიფომ ამ კომპანიასთან კონტრაქტი 15 წლის ვადით უნდა გააფორმოს და სათამაშო ბიზნესის მონიტორინგის ექსკლუზივი მისცეს.

კომიტეტზე კითხვები დღეს სწორედ ამ საკითხზე გაჩნდა. დეპუტატების ნაწილისთვის მიუღებელია, ერთი კომპანიისთვის ექსკლუზივის გადაცემა. ზოგიერთმა მათგანმა ეჭვიც გამოთქვა, რომ ეს კანონი არა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ კონტრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას ისახავს მიზნად და კონკრეტული პირის ინტერესებზეა მორგებული.

"წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ექსკლუზივის, უნდა იყოს კონკურენცია...კომპანიას ვანიჭებთ 15-წლიან ექსკლუზივს, რომელიც გაუწევს მონიტორინგს ჩვენს სათამაშო ბიზნესს, ხომ? მაშინ, ჩემთვის გასაგებია ყველაფერი..."გრინვეის" საქართველოში მიეცით მონოპოლია ტექდათვალიერებაზე. ეს არის მონოპოლიიის ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, არანაირი კავშირი ამ კანონპროექტს არ აქვს ფულის გათეთრებასთან. შედეგი არის ის, რომ ვიღაც ერთ კომპანიას 8 საერთაშორისო კომპანიიდან, უნდა მიანიჭო ექსკლუზივი და ჩვენ ამას ხელი უნდა მოვაწეროთ?! მე წინააღმდეგი ვარ ექსკლუზივების",- აცხადებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი რეპლიკები ისმოდა დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას მხრიდანაც:

"15-წლიან ხელშეკრულებას დადებითად რომ შეხედო, ძალიან ძნელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცისთვის და რაღაცისთვის იქმნება ეს პროექტი. უკაცრავად, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრათ",- აღნიშნა რომან კაკულიამ.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ დღეს სცადა დეპუტატებისთვის აეხსნა, რატომ უნდა დადოს სახელმწიფომ 15-წლიანი ექსკლუზიური ხელშეკრულება საერთაშორისო კომპანიასთან. მისი თქმით, ეს სპეციფიური სფეროა და საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ითვალისწინებს, უფრო ნაკლებ ვადაზე დადებული ხელშეკრულება კი არცერთი კომპანიისთვის ბიზნესურად გამართლებული არ იქნება.

“საიდან წამოვიდა 15 წელი? როდესაც პარტნიორთან გაქვს ურთიერთობა, ის ინვესტიციას ახორციელებს და როცა ინვესტიციას ახორციელებს სათამაშო ბიზნესის მონიტორინგის სისტემებში, მაღალტექნოლოგიურ სექტორში, ეს ინვესტიცია არის ძალიან ძვირადღირებული და თუ ეს მოკლე ვადაზე გათვლილი იქნება, მაშინ ის იქნება ძვირი. სექტორს დააწვება მძიმე ტვირთად.

თუ ყოველ 5 წელში შევცვალეთ პარტნიორი მაშინ, რა მოხდება? - ყველა ასეთი ტიპის ორგანიზაციას, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს (და ასეთი ბევრი არ არის, სულ 7-მდე  მაღალი დონის ორგანიზაცია მოიძებნება), აქვს თავისი ტექნოლოგია- ნერგავს ძირითად ტექნოლოგიას და ყოველ წელს ამატებს სიახლეებს. 5 წლის მერე თუ გავუშვებთ ერთ პარტნიორს და შემოვიყვანთ სხვას, მან თავიდან უნდა დაიწყოს, თავისი ტექნოლოგიები უნდა შემოიყვანოს და ა.შ. ბიზნესურად არარენტაბელურია. 15-წლიანი ვადა არის ოპტიმალური, რომ საინვესტიციო პროცესიც განხორციელდეს და სათამაშო ბიზნესს მოემსახუროს სწორად”, - აცხადებს მიხეილ დუნდუა და აღნიშნავს, რომ საუბარია, ისეთივე სისტემაზე, როგორიც აქციზს დაქვემდებარებული სასმელების შემთხვევაშია და მათ წლებია კომაპნია "სიქპა" ზედამხედველობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა