მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სავალუტო ფონდთან საპენსიო სისტემაში შესატან ცვლილებებს შეათანხმებს

63a9a03d51361
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.22 17:49
772
საპენსიო სააგენტო 1.3 მილიონი მოქალაქის 2.8-მილიარდიან დანაზოგს ინახავს. მთავრობას აქვს ინიციატივა, რომ საპენსიო ფონდის აქტივებში ინვესტირების პროცესში ცვლილებები შეიტანოს და ფონდს უფრო მაღალი რისკის დაბანდებების განხორციელება შეეძლოს. ამას საპენსიო ფონდის “მანდატის გაფართოება” ეწოდება და მის შედეგად, საპენსიო ფონდი აქტივების მმართველი ფონდიდან საკრედიტო ორგანიზაციად შეიძლება გარდაიქმნას.

გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) შორის გაფორმებული მემორანდუმის ტექსტი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა გეგმავს, ფონდის წარმომადგენლები აღნიშნული ცვლილების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს. თავის მხრივ IMF-ი საქართველოს ცვლილებების შესახებ კონსულტაციებს გაუწევს.

“ხელისუფლებამ პარლამენტს უკვე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მესამე საფეხურის საპენსიო სისტემის შექმნას ითვალისწინებს, ასევე აფართოებს საპენსიო ფონდის მანდატს, მათ შორის ეს მოიცავს დონორებთან ერთად კერძო პროექტების საკრედიტო დაფინანსების შესაძლებლობას, ასევე პორტფელში კონცენტრაციის ლიმიტის ზრდას,”- ნათქვამია მემორანდუმში.

ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება საპენსიო ფონდის ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე, რომელმაც "საქმიან დილაში" დაახლოებით ორი კვირის წინ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ზედმეტად დიდ რისკს წარმოადგენს ფონდისთვის. სურგულაძის განცხადებით, ფონდმა მხოლოდ ფასიან ქაღალდებში უნდა ჩადოს თანხა და მან ახალი პროექტების დასაფინანსებლად პირდაპირი სესხები არ უნდა გასცეს. 

„ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ფასიან ქაღალდებში. ნებისმიერი პირდაპირი ინვესტიცია ნებისმიერ კერძო ფონდებში თუ მას არ აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოშვებული, არ აკმაყოფილებს რეიტინგებს და ა.შ. ასეთი ინვესტიციები დაუშვებელია კანონმდებლობით, რასაც ვეთანხმები. არანაირ ჰესებში თუ ეს არის ახალი ჰესი, მე არ ვთვლი რომ საპენსიო სააგენტოს ფულით დაფინანსება უპრიანია. რაც შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებში ინვესტირებას, მიმაჩნია, რომ თუ ამ ობლიგაციებს ექნებათ მისაღები საკრედიტო რეიტინგი ეს არის კარგი ინსტრუმენტი, დაბალრისკიანი, გავრცელებულია დასავლურ ბაზრებზე. ოღონდ კანონშია ცვლილება განსახორციელებელი,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.