მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირებისთვის ADB-სგან $100 მლნ-ს სესხულობს

6149b85ab0b94
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 15:08
1005
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რომელიც საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის და ელექტროგადამცემი კომპანიის კორპორატიული განვითარებისკენ იქნება მიმართული. 

ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ბანკი დახმარებას გაუწევს ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.

"სსე და მისი შვილობილი "ენერგოტრანსი" დღესდღეობით ძლიერად არიან დამოკიდებული მთავრობის დაფინანსებასა და საგარეო ვალზე. საგარეო ვალის საშუალებით მათ საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირება შეძლეს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისთვის. მთავრობამ სსე-ის რეფორმირების მიზნით არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა კომპანიის ახალი ქარტიისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის ახალი წესდება და სამართლებრივი ჩარჩო შეიმუშავა. მთავრობამ ასევე გააძლიერა სსე-ს საინვესტიციო დაგეგმარება, ვალის მართვის შესაძლებლობები და საგარეო შოკებისადმი მედეგობა კაპიტალიზაციისა და გაზრდილი შემოსავლების გენერირების გზით", - ნათქვამია ADB-ის ვებგვერდზე. 

„ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას,“ - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა. „გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად.“

„ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კოვიდ-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა,“ - განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.

Bm.ge ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნავენ, რომ რეფორმა და აღნიშნული სესხი 2021 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო. 

"სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 331.0 მლნ ლარის ოდენობით,"- ნათქვამია ბიუჯეტში.