მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სესხებს ივენთ კომპანიებსაც დაუსუბსიდირებს – "ისთერნ ფრომოუშენის" მოლოდინი

5fad7827f2262
თამთა ჯიჯავაძე
12.11.20 21:55
1250
დღეს საქართველოს მთავრობამ პანდემიით დაზარალებული ბიზნესებისთვის მორიგი სიახლე დაანონსა, რომელიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ცვლილებას გულისხმობს. ირკვევა, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეხმარება, ივენთ-კომპანიები დაემატა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ივენთ-კომპანიები შეძლებენ, ჩაერთონ საკრედიტო- საგარანტიო სქემაში. ამასთან, ისინი მცირე და საოჯახო სასტუმროების მსგავსად, 12 თვის განმავლობაში საბანკო სესხის სუბსიდირებას მიიღებენ.

როგორც "ისთერნ ფრომოუშენის" თანადამფუძნებელმა მიხეილ გიორგაძემ გადაცემა “საქმის კურსში“ საუბრისას განაცხადა, უფრო ადრე რომ ყოფილიყო ეს ინიაციატივა გაჟღერებული, უკეთესი იქნებოდა.

„ივენთ კომპანიები შოუ ბიზნესის ის სფეროა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია პანდემიის გამო, ამიტომაც, რა თქმა უნდა, მივესალმები მთავრობის ინიციატივას და მოუთმენლად ველი იმ დეტალების გარკვევას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩავერთოთ ამ სქემაში.

სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ზარალი გაიზარდა, თუმცა, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ მთელ რეგიონში ერთადერთი კომპანია ვართ, რომელმაც მოახერხა და პრაქტიკულად ეს სეზონი არ ჩააგდო. ვგულისხმობ სამ დიდ ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად „ისთერნ ფრომოუშენი“ ატარებს, ეს არის შავი ზღვის ჯაზფესტივალი, კახეთის და თბილისის ჯაზფესტივალი“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ღონისძიებები არსებული რეგულაციების მიხედვით ტარდება, და ის შეზღუდვები, რომელიც დამსწრე აუდიტორიის რაოდენობას ეხება, კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება, – „მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ინიციატივის შედეგად გვექნება საშუალება რომ კიდევ უფრო მასშტაბური, და მეტი ფესტივალები წარვუდგინოთ საზოგადოებას და ამავდროულად ჩვენი ფინანსური მდგომარეობაც გავიუმჯობესოთ“, – დასძინა მიხეილ გიორგაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ წლის ბოლოს კომპანია დაახლოებით 500 000-ზე მეტი ზარალით დაასრულებს, თუმცა, დღევანდელი ინიციატივა მათ აძლევს იმედს, რომ მომავალ წელს კომპანია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოახერხებს.