05.თებერვალი .2020 19:36

მთავრობა "შრომის კოდექსში" ცვლილებებს უბრუნდება - რას ითხოვს დამსაქმებელთა ასოციაცია?

views 713
უკან

მთავრობის მიერ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განსახილველი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ მომდევნო თვეებში "შრომის კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირებაა მოსალოდნელი.

გასულ წელს ამ კანონპროექტზე დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, დოკუმენტის განხილვები დაინტერესებულ პირებთან შეწყდა.

რა გეგმები აქვს ამჯერად მთავრობას, დიმიტრი ცქიტიშვილმა დეტალურად არ იცის, თუმცა BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ დაგეგმილ ცვლილებებზე, გასულ წელს ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.

"მე ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა ყველა პროცესში. ვფიქრობ, რომ ჩვენ, დაახლოებით, ერთ ხაზზე ვართ, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ტექნიკური განსხვავებები, მაგრამ ძირითადად მსგავსი დამოკიდებულებები გვაქვს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

BM.GE დაინტერესდა, რა ინფორმაცია აქვს კერძო სექტორს მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით. დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი შალვა ცხაკაია, რომელიც დიმიტრი ცქიტიშვილის კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსია, ამბობს, რომ საპარლამენტო განხილვებამდე, ბიზნესი პირველ რიგში, კონსულტაციებს ელოდება.

"პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ დაიბრუნა ინიციატივა შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩვენ, როგორც სოციალური პარტნიორი, ველოდებით არსებული სამმხრივი კომისიის (ჯანდაცვის სამინისტროში არსებული კომისია დამსაქმებლებისა და პროფკავშირების მონაწილეობით) ფარგლებში გამოვიდეს ის ინიციატივები, რომლებიც მთავრობას გააჩნია და განხილულ იქნას ჩვენთან, დამსაქმებლებთან და ასევე, დასაქმებულებთან - პროფკავშირებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ შევიდეს ინიციატივა პარლამენტში იმ ფორმით, რა ფორმაზეც ჩვენ სამმხრივ ფორმატში შევთანხმდებით. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რადგან ინიციატივა ისევ მთავრობის ხელში გადავიდა", - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.

აქვე, შალვა ცხაკაია იმ საკითხების ნაწილს იხსენებს, რაც დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით დაწერილ კანონპროექტში დამსაქმებელთა ასოციაციისთვის მიუღებელი იყო.

"იყო სამუშაო დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებული შემოთავაზება, რომელიც ჩვენი აზრით, არ შეიძლება არ იყოს მისადაგებული დღეს საქართველოში არსებულ რეალობას; ასევე, იყო საკითხები, რომელიც ზრდიდა ბიუროკრატიას კერძო სექტორში, რომელიც არ არის საჭირო და შეიძლება შუალედური გადაწყვეტის მოძებნა", - მიიჩნევს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი. 

ცნობისთვის: "შრომის კოდექსში" ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგი შინაარსია მოცემული:

"განისაზღვრება დირექტივის შესაბამისად, დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების, შესვენების და დასვენების დროის მაქსიმალური ოდენობა, რეგულირდება ღამით მუშაობა და ღამით მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

დადგინდება კრიტერიუმები მასობრივი დათხოვნის განსაზღვრისთვის, ასევე დამსაქმებლის ვალდებულება დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მასობრივი დათხოვნის შესახებ დასაქმებულებს და გამართოს მათთან კონსულტაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი დათხოვნა ან მისი რაოდენობრივი შეზღუდვა, ასევე შესაძლებლობა, შერბილდეს მისი შედეგები თანმდევი სოციალური ღონისძიებებით;  განისაზღვრება შესაბამისი სანქციები შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა