მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სხვადასხვა კომპანიისთვის, მათ შორის ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებას განმარტავს

5e74ed962e363
თამთა ჯიჯავაძე
20.03.20 20:15
1158
მთავრობა სხვადასხვა კომპანიისთვის, მათ შორის ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებას განმარტავს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, საშეღავათო პაკეტი ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორზე მოქმედებდა და შესაბამისად ტელევიზიებსა და სხვა ნებისმიერ კომპანიებზე ინკასოს დადება მოხდა ავტომატურად.

„რეალურად ჩვენ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ გადასახადების გადავადების კუთხით შეღავათების ის პაკეტი, რომელიც ეხებოდა იმ სექტორს, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა, ასე ვთქვათ წინა ხაზზე იყო ამ ეპიდემიური კრიზისის დასაწყისში და შესაბამისად ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში. შეგახსენებთ, ეს იყო ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე. ამისთვის მათ უნდა მიემართათ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და შესაბამისად მათ ინკასო არ დაედებოდა.

სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად ავტომატურად ფუნქციონირებს და ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ამიტომ აქ არანაირად ტელევიზია ან ნებისმიერი სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს. ტელევიზიებთან თქვენ გახსოვთ ჩვენი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პირველ ოქტომბრამდე არსებული დავალიანებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ მაქსიმალურად შეღავათიანი პერიოდი მიგვეცა. და იცით რომ რამდენიმე ტელეკომპანიამ, მათ შორის მსხვილმა, ისარგებლა, ხუთწლიანი საგადასახადო შეთანხმება უკვე გავაფორმეთ და მიმდინარეს ჩვეულებრივ იხდიდნენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მას ესმის, რომ ეპიდემიისა და ეკონომიკური შენელების გამო, შესაძლოა, უფრო და უფრო გაუჭირდეს სხვა დარგის კომპანიებსაც გადასახადის გადახდა.

„მესმის, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ იმისდა მიხედვით თუ დაზიანების რა ხარისხი ან რა ხანგრძლივობა ექნება ამა თუ იმ სექტორს, და შესამაბისად ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ჩვენ მაქსიმალურად ინდივიდუალურად, მიზნობრივად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის შეღავათს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, შემოსავლების სამსახურმა არხის ანგარიშებს ინკასო დაადო. ინკასო დაედო ასევე "TV პირველსაც”.

გარდა ტელევიზიებისა, Facebook-ში ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები წერენ, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო.