მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა TAV Georgia-ს ფორსმაჟორის აღიარებაზე, ჯერჯერობით, არ თანხმდება

5fca396008319
თელარა გელანტია
04.12.20 18:50
1201
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს მთავრობისგან 7-თვიანი პერიოდის ფორსმაჟორად აღიარება რამდენიმე თვის წინ ითხოვა. საუბარია, იმ თვეებზე, როდესაც აეროპორტები, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო.

აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა TAV Georgia-ს თხოვნის დაკმაყოფილებას, ამ კითხვით bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრს მიმართა. ნათია თურნავას პასუხიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება TAV Georgia-ს ფორსმაჟორის აღიარებაზე არ თანხმდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ფორსმაჟორის აღიარებასთან დაკავშირებით TAV Georgia-სთვის მთავრობასთან არ უშუამდგომლია, თუმცა კომპანიას გარკვეულწილად დაეხმარა.

“TAV Georgia-ს მაქსიმალურად ვეხმარებით. ფინანსთა სამინისტრომ კომპანიას რამდენჯერმე გადაუვადა გადასახადები და ახლაც ვიხილავთ. ფინანსთა სამინისტრო საშემოსავლო გადასახადს უვადებს; ხდება გადახდის გადავადება, რაც არის შემოსავლების სამსახურის მანდატი, 1-2 თვით ამის უფლება აქვს. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეინარჩუნონ დასაქმება და არ გაუშვან დასაქმებულები”, – განმარტავს ნათია თურნავა.

გაუგებარია, რას იხილავს სამინისტრო, რადგან როგორც თავად TAV Georgia-ში აცხადებენ, როცა ხელისუფლებისგან საშემოსავლო გადასახადის გადავადება ითხოვეს, სახელმწიფომ სხვა კომპანიების მსგავსად, მატაც “ლოქდაუნის” პერიოდში საშემოსავლო გადასახადის გადახდის პერიოდი ოთხი თვით გადაუვადა, რომელიც კომპანიამ ნოემბერში მიმდინარე საშემოსავლო გადასახდთან ერთად უკვე დაფარა. 

შეგახსენებთ: COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმული ღინისძიებების ფარგლებში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერებული იყო. შესაბამისად, ოპერატორი კომპანია, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახორციელებდა მასზეც დაკისრებულ მოვალეობებს. მიუხედავად ამისა, როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ შეინარჩუნეს პერსონალი და არსებულ ვალდებულებებსაც ისტუმრებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიზისის ფონზე კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება არ შეუჩერებია და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი არ დაუპაუზებია.