მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა უახლოეს პერიოდში მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას გეგმავს

5e7233601e90a
თელარა გელანტია
18.03.20 19:20
844
“უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩექირიც ესწრებოდა.

“უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი. ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან არის პრაქტიკულად როგორც ომის მდგომარეობა. ომის მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ვერაგი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის დეტალები ვანო მაჭავარიანს  არ დაუზუსტებია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო IMF-თან მიმდინარე პროგრამის გაზრდას გეგმავს.

„ჩვენ ვგეგმავთ IMF-ის პროგრამის ზრდას, საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორებთან და მათგანაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული დახმარებების მობილიზება. ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ კარგად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები. მოცულობით პაკეტს წარვადგენთ სტიმულირებებისთვის”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, ივანე მაჭავარიანი ირწმუნება, რომ მთავრობას და სებ-ს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია, რათა არსებულ გამოწვევებს უპასუხონ.

„მსოფლიოს ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც არის ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სფეროები და ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე საკმაოდ ნეგატიური ფაქტორი, რაც არის ნავთობის ფასების კოლაფსი. ამან ჩვენი ეკონომიკა დამატებითი გამოწვევის წინაშე დააყენა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ მარტო არ ვართ. ამ დღეებში ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს. პირველ რიგში, ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო”, - აღნიშნა მინისტრმა.