16.ივლისი .2020 10:08

მთავრობა უცხოელებს, დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს

views 757
უკან

ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ. აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შემუშავებული პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 6 თვით ცხოვრების უფლება ექნება.

„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა - საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოთხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ.

ინიციატივის მიხედვით, გრძელი ვადით შემოსული ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყანის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. აპლიკაციაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტაქტორის შესახებ, წინასწარი დასტურს სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და სხვ. მინისტრის განცხადებით, ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიანი კარანტინს კომერციული ტარიფით საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება 6 თვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონაც.


ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას.

„ეს ადამიანები დიდი ხნით იცხოვრებენ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით პირდაპირპროპორციულად დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან,“ - განაცხადა თურნავამ.

„ჩვენ პროექტს უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვიტანოთ განსახილველად, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დაიწყონ აპლიკაციების შევსება, საქართველოში იმოგზაურონ და საკუთარი ბიზნეს საქმიანობა აქედან აწარმოონ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.