მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად ახალ პროგრამას იწყებს - დეტალები

5fb63adf7b7a2
ინგა მურუსიძე
19.11.20 13:25
1288
მთავრობა უცხოური საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობისთვის ახალ პროგრამას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა ახალი პროგრამა, რომელიც მიემატება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს და ეს არის უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექნიზმი.

თურნავას განმარტებით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით იმ კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას, ან არსებული წარმოების გადმოტანას, ასევე, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადონ საქართველოში, დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს, მიეცემათ თანადაფინანსება, ე.წ. FDI-გრანტი 1 მლნ ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც იქნება დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, ასევე, სხვადასხვა
მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ.

ნათია თურნავას თქმით, ახალი პროგრამა გავრცელდება დარგებზე, რომელიც მიეკუთვნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც შეიძლება ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ელექტრული ინჟინერიის წარმოებას, მანქანათმშენებლობას, მანქანების და მანქანადანადგარების და მათი ნაწილების წარმოებას, ლოგისტიკასა და სასაწყობო მეურნეობას, საჰაერო ხომალდების რემონტსა და ტექნიკური მომსახურეობას და ა.შ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა ინვესტიციების შემოსვლას წაახალისებს. 

"კონკრეტული დარგების ჩამონათვალის შერჩევისას გავითვალისწინეთ "აწარმოე საქართველოში" ჩვენი უცხოელი კონსულტანტების რჩევები. თანადაფინანსების ფორმა კარგად იმუშავებს შერჩეულ დარგებში. ეს არის დარგები, სადაც ყველაზე მეტად შრომატევადი პროცესებია და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დამატებითი სტიმული ინვესტორებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.