მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ვალდებულია, მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა გადაავადოს - გიორგი ავალიშვილი

61541f97f08a0
BM.GE
29.09.21 12:24
902
მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა სავალდებულო 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდეა. ამ კატეგორიის კომპანიებს ახალი სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება თავდაპირველად 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე ჰქონდათ, თუმცა 2 წლით გადავადდა. ანგარიშგების არწარდგენის შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებოდნენ, რაც შემდეგი დარღვევის შემთხვევაში გაორმაგდება.

არსებული მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადის 1 წლით გადავადების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

„მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის მოვითხოვთ კიდევ ერთი წლით, 2022 წლის 1–ელ ოქტომბრამდე იქნეს გადავადებული ამგვარი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. ეს პერიოდი თავის მხრივ საკმაოდ დაეხმარება ბიზნესს, როგორმე ჯერ წამოდგეს ფეხზე და შემდგომში უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისათვის ჯეროვანი მომზადება. საუბარია მე-4 კატეგორიის საწარმოებზე, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში მცირე ზომის მარკეტები, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, საცხობები და ა. შ. იმგვარი ტიპის საწარმოები წარმოადგენენ, რომლებისთვისაც კიდევ დამატებითი რაიმე ხარჯი, ან თუნდაც დამატებითი ჯარიმის გადახდა ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ უნდა გააჩეროს საქმიანობა, რაც, თავის მხრივ, არ უნდა იყოს ქვეყნისთვის მომგებიანი“, - აღნიშნულია პეტიციაში.

კანონის მიხედვით, მე-4 კატეგორიის საწარმო [კომპანია] ის სუბიექტია, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ მთავრობა ისევ მოახდენს გადავადებას, ოთხიდან რომელი კატეგორიის საწარმოებისთვის წარმოადგენს უფრო მეტ პრობლემას ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ახდენს თუ არა ფინანსური ანგარიშგებების კონსოლიდირებულ ანალიზს, ამ საკითხებზე ლობისტი და კომპანია „ავალი ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი ავალიშვილი საუბრობს.

„მთავრობა ვალდებულია მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა გადაავადოს, რადგან პანდემიის შემდეგ ბიზნესს სჭირდება მუხტი, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაც მეტ შეღავათს მისცემ სახელმწიფო ბიზნესს და არა მარტო მეოთხე კატეგორიას, არამედ სხვებსაც, უფრო კარგად დაუბრუნდება, მითუმეტეს ამ პანდემიურ პერიოდში.

ამ ანგარიშგების წარდგენა მე-4 კატეგორიისთვის უფრო რთულია, რადგან მას კვალიფიციური მუშახელი ნალებად ჰყავს, ის ახალდაბადებული ბავშვივითაა და ხელშეწყობა სჭირდება, დანარჩენი კატაგორიები ასე თუ ისე მყარად დგას.

სანდო ფინანსური ანგარიშგებების არსებობა, კომპანიას წესრიგში ამყოფებს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. მომხრე ვარ გონივრული რეგულაციების, მართალია ბიზნესს გარკვეულ თავისუფლებას უკარგავს, მაგრამ ამყოფებს ფორმაში. კარგი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად მარტო აუდიტორული კომპანიის შერჩევა არ არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია შიგნით, გუნდში გყავდეს კვალიფიციური კადრები, აქედან გამომდინარე ეს რეგულაცია ბიზნესს აიძულებს, რომ იყოს ფორმაში. შედარებით უარყოფითი არის ის, რომ ბიზნესს თავისუფლებას უზღუდავს და უზრდის ხარჯს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს კანონი კარგია, რადგან ხარჯი უნდა გაიღო იმისთვის, რომ განვითარდე“, - აღნიშნა გიორგი ავალიშვილმა.

ის ამბობს, რომ აუდიტის სფერო საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც საწარმოთა კატეგორიზაცია განხორციელდა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა გახდა სავალდებულო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკი უნდა ახდენდეს ფინანსური ანგარიშგებების კონსოლიდირებულ ანალიზს და შესაბამისად იყენებდეს ამ ინფორმაციას ეკონომიკის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავებისას, თუმცა ამის სათანადოდ გამოყენება არ ხდება.

„როგორც კი ეს რეგულაცია შემოვიდა, გაიზარდა აუდიტორული კომპანიების რაოდენობა და მათი როლი, მაგრამ ის ამას სათანადოდ მომზადებული ვერ დახვდა, მას დრო სჭირდება, მათ შორის კადრების ნაკლებობა შეიქმნა, რადგან უცებ დიდი ბაზარი გაჩნდა.

რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგებების ანალიზს, ეს საქართველოს მთავრობას დაეხმარება ეკონომიკური პოლიტიკის უკეთ დალაგებაში, ამიტომ კონსოლიდირებულ ანალიზს უნდა აკეთებდნენ, მაგრამ იყენებს თუ არა ამ ინფორმაციას ეკონომიკის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავებისას, ამაზე პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, ამის სათანადოდ გამოყენება ქვეყანაში არ ხდება“, - განმარტავს გიორგი ავალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესმა კომპანიებმა საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ ხელმისაწვდომი პირველად 2018 წლის ბოლოს გახადეს. რეფორმა თავდაპირველად პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს, ასევე საჯარო დაინტერესების პირებს (სდპ) შეეხოთ. ჯამში 2017 წლის ანგარიშგებები დაახლოებით 700-მდე კომპანიამ წარადგინა.

ცნობისთვის: კომპანიებს კატეგორიები შემდეგი კრიტერიუმებით ენიჭება:

პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.

მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

(R)