მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წელს 25 სახელმწიფო კომპანიის წილისა და აქტივების გაყიდვას აპირებს

61eacc7e22397
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.22 21:00
2465
2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პრივატიზაციიდან 300 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება. ეს თანხა 50 მილიონი ლარით ნაკლებია 2021 წლის გეგმაზე, რომელიც როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, ვერ შესრულდა. გასულ წელს სახელმწიფომ მხოლოდ 212.6 მილიონის ქონება გაყიდა. ეს წლიური გეგმის 60.7% იყო. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-ისთვის გაგზავნილ განმარტებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, რის გამოც, პრივატიზაციიდან დამატებითი თანხების მობილიზების საჭიროება შემცირდა.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს იგეგმება 25 სახელმწიფო საწარმოს წილის და აქტივების გაყიდვა. პარალელურად, გრძელდება მსხვილი ობიექტების ხელახალი აუქციონების გამოცხადებაც. იანვარში უშედეგოდ დასრულდა "რიყის დოქების" აუქციონი, რომელიც ფასდაკლების მიუხედავად, ვერ გაიყიდა. სახელმწიფო ობიექტს 30 მილიონად ყიდდა, რაც წინა აუქციონთან შედარებით 17 მილიონით ნაკლები იყო.

„სააგენტო 2022 წელსაც შესთავაზებს ბიზნესსექტორს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებულ სხვადასხვა საპრივატიზებო პაკეტს. 2022 წლის განმავლობაში ჯამურად იგეგმება 25 საწარმოში სახელმწიფოს კუთვნილი აქციების პაკეტისა და წილის პრივატიზების ინიცირება, აქედან საპრივატიზებოდ უკვე მზადაა 13 საწარმო, ხოლო 12 საპრივატიზებო მომზადების პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი გადასახადის მობილიზება მოხდა, რის გამოც პრივატიზებიდან კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მიღების აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს პერიოდი გამოყენებული იქნება პოტენციურ ინვესტორებთან მეტი კომუნიკაციისთვის, რათა 2022 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება უკეთესი საინვესტიციო პირობებით მოხდეს.

2021 წელს სააგენტომ 2,426 აუქციონი გამოაცხადა, რაც პირდაპირ მეტყველებს კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაზე, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზების გააქტიურება კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური ისე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, რაც გაზრდის როგორც შემოსავალს ბიუჯეტში, ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია,”- ნათქვამია თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

2021 წელს იმის მიუხედავად, რომ 350-მილიონიანი გეგმა ვერ შესრულდა და პრივატიზაციის შემოსავალი 212 მილიონი იყო, ეს შედეგი 2020 წელთან შედარებით მაინც გაუმჯობესებაა, რადგანაც 2020-ში სახელმწიფომ ამაზე ორჯერ ნაკლების - 98 მილიონის ქონება გაყიდა.