მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით 70%-ით შემცირებას ელის

5ed53f11ea561
თამთა ჯიჯავაძე
01.06.20 23:40
1148
მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით 70%-ით შემცირებას ელის – ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„COVID-19 პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით“, – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ საგანგებოდ ტურიზმის მხარდასაჭერად შემუშავდა მიზნობრივი ღონისძიებები, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ტურიზმის ინდუსტრიას კრიზისის დაძლევასა და აღდგენაში.

„ტურიზმის ინდუსტრიის ეკონომიკური სუბიექტები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება ხდება 2020 წლის ბოლომდე.
მთავრობა 6 თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის, რაც წარმოადგენს ქართული სასტუმრო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს.

კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ, მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები.

ტურისტული კომპანიებისთვის/ტურ-ოპერატორებისთვის მთავრობა მოახდენს საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირებას 6 თვის განმავლობაში.

მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მთავრობა მოახდენს ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხების სუბსიდირებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მოხდება ინდუსტრიის მომზადება ახალ პირობებში ოპერირებისთვის.

ასევე, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი აღდგება, ხოლო 1 ივლისიდან დაგეგმილია საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლის აღდგენა.