მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა Wizz Air-ს და Myway Airlines-ს სპეცრეისების შესრულებაში მაქსიმუმ €261,000 ევროს გადაუხდის

5f0724907f22b
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.20 18:11
1138
Wizz Air-მა და Myway Airlines-მა ივლისში დაგეგმილი სპეცრეისების შესრულებისთვის მთავრობისგან ანაზღაურების სახით, შესაძლოა, მაქსიმუმ €261,000 ევრო მიიღონ. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან  ირკვევა. სპეცრეისების დანიშვნის შესახებ მთავრობამ განცხადება 6 ივლისს გააკეთა. არსებული ინფორმაციით, ჯამში, 5 რეისის მეშვეობით ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნება უნდა მოხდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ უკვე დაანონსებული ფრენების რაოდენობა არ გაიზარდა, რომ თითოეულ რეისში მთავრობა საშუალოდ 52,000 ევროს გადაიხდის. 

სპეცრეისების განრიგი ასეთია:
  • 13 ივლისი — ვარშავა;
  • 15 ივლისი — ბარსელონა;
  • 17 ივლისი — რომი;
  • 22 ივლისი — პარიზი;
  • 28 ივლისი — ათენი.
"საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით,"- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ნაწილობრივ უზრუნველეყო ჩარტერული ავიარეისების სუბსიდირება. კერძოდ: თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის შემთხვევაში თანადაფინანსება 20,000 დოლარი იყო, ხოლო ბათუმი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის შემთხვევაში - 25,000 დოლარი.

ავიაკომპანია Georgian Airways-ის ინფორმაციით, მათ ამ პროგრამის ფარგლებში 10 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით სულ 33 სპეციალური საევაკუაციო ავიარეისი შეასრულეს, რომლის ფარგლებში საქართველოში, დაახლოებით, 3,500 მგზავრი ჩამოიყვანეს. BMG-სთან საუბარში ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ამ რეისებიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ 9 რეისის საფასური არის ანაზღაურებული