მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ხორბლის სუბსიდიას იწყებს - აისახება თუ არა ეს პურის ფასზე?

5e9ed8680263f
სალომე მეცხვარიშვილი
21.04.20 15:45
1470
მთავრობა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას იწყებს. შედეგად კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ, ტომარა ფქვილს მაქსიმუმ 51 ლარად გაყიდიან. ასეთია პროგრამის პირობები, რომელიც 17 აპრილს გამოცხადდა. პროექტის მიხედვით, კომპანიებს, რომლებსაც ხორბლის იმპორტისას სუბდისიის მიღება სურთ, მოუწევთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართონ და საკუთარი ფასი წარადგინონ. უპირატესობა მიენიჭება იმ შემოთავაზებებს, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები სუბსიდიაა საჭირო. სუბსიდია კი, ერთ ტონა ხორბალზე მაქსიმუმ $40 იქნება. ვისაც ნაკლები ოდენობის თანხა დასჭრდება სახელმწიფოსგან, დაფინანსებასაც ის მიიღებს.

იმოქმედებს თუ არა ერთ ტომარა ფქვილზე დაწესებული ზედა ზღვრული ფასი (51 ლარი) პურის ღირებულებაზე? პურ-პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილეს მწარმოებელ “იფქლში” ამბობენ, რომ ცვლილება ცალსახად პოზიტიურია და სულ მცირე ეს იმის საშუალებას მისცემს მწარმოებლებს, რომ პანდემიის პირობებში პური არ გაძვირდეს.

“51 ლარი - რეალურად რთულია ამ ფასზე მუშაობა, თუმცა იმის ცოდნა, რომ პანდემიის პირობებში გვაქვს ზედა ზღვრული ტარიფი, რომელსაც ფქვილის ფასი არ გადასცდება, ჩვენთვის შეღავათის მომცემია და პოზიტიურია. სულ მცირე ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ პანდემიის პირობებში არ გვქონდეს მოლოდინი და საშიშროება, რომ მზა პროდუქტზე, შესაძლოა, ფასი გაიზარდოს”, - აცხადებს კომპანია "იფქლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ გოგიშვილი და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის კომპანია ერთ ტომარა ფქვილს 52 ლარად ყიდულობს.

მისივე თქმით, ზოგადად, ბოლო პერიოდში ნედლეულის ფასი მნიშვნელოვნად შეიცვალა და რამდენჯერმე მოხდა ერთ ტომარა ფქვილზე ფასის ზრდა, მიუხედავად ამისა, კომპანიას პროდუქტი არ გაუძვირებია. “იფქლს”, ამის გარდა, სხვა დამატებითი ხარჯებიც ჰქონდა.

“პროდუქტზე ფასი არ გაგვიზრდია, მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვები შევცვალეთ და ამ პირობებში ერთ ცალ პურზე მხოლოდ შეფუთვის ფასი 4 თეთრით გაგვეზარდა”, - აცხადებს მარიამ გოგიშვილი.