მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობაც და ბიზნესიც ჰესების მოწინააღმდეგეებთან საინფორმაციო კამპანიას აგებს - აბრამიშვილი

5f9c0e40ee8b5
ინგა მურუსიძე
02.11.20 09:00
1595
რამდენიმე დღის წინ, მდინარე რიონის ხეობაში, $800 მილიონიანი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა ადგილობრივებმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტეს. მოსახლეობამ ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართა, სადაც მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების წინააღმდეგ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს. შედეგი კი - ენერგეტიკაში ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა და დაპაუზებული თუ ვერგანხორციელებული ინვესტიციებია.

„მთავრობაც და ბიზნესიც ჰესების მოწინააღმდეგეების წინაშე საინფორმაციო კამპანიას აგებს; ადგილობრივებს მეტი სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ“, - ამის შესახებ BM.GE-ის „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ბოლო აქციის შეფასებისას განუცხადა.

“მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის სოციალური პრობლემები. სოციალური თვითშეგნება, სამწუხაროდ, არ არის იმ დონეზე, როგორზეც საჭიროა. მოსახლეობა განიცდის ინფორმაციის დეფიციტს იმაზე, თუ რა სარგებელი ან ზიანი მოაქვს ჰესის მშენებლობას. პროექტების შეფერხებით იზრდება ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე; ჩვენი ღრმა რწმენით, ამას მეზობელი ქვეყნებიც მხარს უჭერენ, რომ მუსირებდეს ის აზრი, რაც დღესა, რათა პროექტები შეჩერდეს, მათ შორის მსხვილი ჰესების მშენებლობა“, - აცხადებს აბრამიშვილი.

ენერგეტიკოსის აზრით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე საინვესტიციო პროექტების ვერგანხორციელებით თუ დროში გაჭიანურებით, ქვეყანა სერიოზულ პრობლემებამდე მივა, რაც მეზობელ სახელმწიფოებზე კიდევ უფრო მეტ დამოკიდებულებას გამოიწვევს.

გიორგი აბრამიშვილი მთავრობას მოუწოდებს, მეტი ენერგია დახარჯოს მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის. „ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობდით მთავრობასთან. ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მეტი მონდომება შეიძლებოდა იმისთვის, რომ კარგად იქნას ახსნილი მოსახლეობისთვის, თუ რა სარგებლობა მოაქვს განახლებადი ენერგიის საკუთარ გენერაციას; უნდა ვისაუბროთ ზიანის მინიმალიზაციაზე და არა საერთოდ უარყოფაზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საინფორმაციო კამპანიაში წაგებულია როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი და ამ კუთხით გაუმჯობესება აუცილებელია“, - ამბობს ის.

გარდა ამისა, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სასურველი, მთავრობა და სამართალდამცველი ორგანოები მეტად ქმედითები იყვნენ და არ ხდებოდეს თუნდაც ისეთი ქმედება, როგორსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ, როცა მოსახლეობამ სამშენებლო ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა.

„ეს სენსიტიური თემაა, თან არჩევნები დაემთხვა და იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, რომელმა მთავრობამაც არ უნდა გაიმარჯვოს, ქმედებები უფრო ეფექტური იქნება. ასეთი თვითნებობა სექტორს კრიზისამდე მიიყვანს“, - ამბობს ბიზნესმენი.

თემაზე საუბრისას გიორგი აბრამიშვილმა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე მსგავსი საპროტესტო აქციების ნეგატიურ გავლენაზეც გააკეთა აქცენტი.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ბიზნესი საკმაოდ დაბალმარჟიანია ფინანსურად და საკუთარი კაპიტალის უკუგება ათეულობით წელი იწელება. ამას შევხედოთ ინვესტორის კუთხიდან - ახორციელებ ინვესტიციას ქვეყანაში, სადაც საკუთარი კაპიტალი, შესაძლოა, 15-20 წელიწადი ვერ ამოიღო; თან საგარეო პოლიტიკის კუთხითაც რისკების შემცველი ქვეყანაა და პლიუს ამას ემატება სოციალური პრობლემები. საინვესტიციო პროექტების შეჩერება უამრავი თანხა ჯდება”, - აცხადებს აბრამიშვილი.
მართალია, „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დადებითად აფასებს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ენერგეტიკაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და განსაკუთრებით საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას გამოყოფს, მაგრამ კერძო სექტორის წარმომადგენელი გამოწვევებს შორის გამჭვირვალე თამაშის წესების შემოღებას ასახელებს. კომპანია Energy Solution-ის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი მთავრობის მიერ დამტკიცებულ ჰესების მხარდამჭერ ფინანსურ მექანიზმს ისევ აკრიტიკებს.

შეგახსენებთ: მთავრობა საქართველოში ჰესების მშენებლობით დაინტერესებულ პირებს ასეთ პირობებს სთავაზობს - თუ მათი ობიექტის დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატზე მეტი იქნება, ოპერირების დაწყებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში, წელიწადში 8 თვე, გარდა მაისიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდისა, ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდულ ყოველ 1 კილოვატსაათზე, პრემიალურ ტარიფს - 1.5 ცენტს მიიღებენ, თუმცა არა - ყველა შემთხვევაში.

საქმე იმაშია, რომ მთავრობამ წონასწორული ფასი დაადგინა, რაც 5.5 ცენტია და თუ ამაზე იაფი იქნება კონკრეტულ დღეს ელექტროენერგიის ფასი ბირჟაზე, სხვაობას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) დაფარავს, არაუმეტეს 1.5 ცენტის ფარგლებში. შესაბამისად, ესკო ტარიფის შემავსებლის ფუნქციას შეასრულებს.