მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 1.6 მილიარდი ლარი კომერციულ ბანკებში ვადიან დეპოზიტზე განათავსა

5f90518f327a0
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.20 19:35
2242
საქართველოს მთავრობამ 1.6 მილიარდი ლარი ქართული კომერციული ბანკების ვადიან დეპოზიტებში განათავსა. ამის შესახებ ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა. 

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ნაშთს წარმოადგენს და ის ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე 2021 წლამდე დარჩება. ჯამურად, ბიუჯეტის ნაშთი 2 მილიარდი ლარია.

"სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 2,031,334,700 ლარი; აქედან: თავისუფალი ნაშთი 2,030,449,700 ლარი; ფულადი სახსრები საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად („დაცული ტერიტორიების განვითარება“) – 885,100 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილების ,,სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ’’, თანახმად, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან, 1,600,000,000 ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით", - ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში. 

დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ 1.6 მილიარდის გარდა, კომერციულ ბანკებში კიდევ 594 მილიონი ლარია განთავსებული, რაც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებულ თანხას წარმოადგენს. 

"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845–ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრებიდან, 594,298,000 ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით", - ნათქვამია ბიუჯეტის ანგარიშში.