20.სექტემბერი .2021 20:05

მთავრობამ აგვისტოში EIB-ის €45 მლნ-ის სესხი აიღო, აგვისტოშივე EU-ს €75 მლნ-ზე “უარი თქვა”

მთავრობამ აგვისტოში EIB-ის €45 მლნ-ის სესხი აიღო, აგვისტოშივე EU-ს €75 მლნ-ზე “უარი თქვა”
views 1586
უკან

ფინანსთა სამინისტრომ საგარეო ვალის ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2021 წლის 31 აგვისტოსთვის $8.05 მილიარდ დოლარს შეადგენდა. წინა თვესთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა აგვისტოში 45 მილიონი ევროთი გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი ვალის ზრდა 45 მილიონით დაფიქსირდა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) მიმართებით, რომლიდანაც აგვისტოში საქართველომ, სავარაუდოდ, ვალის ახალი ტრანში მიიღო.

2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ “ვალის შემცირების” მოტივით “უარი თქვა” ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე პაკეტზე, რომლითაც ქვეყანას 75 მილიონი ევროს 15-წლიანი შეღავათიანი კრედიტი (0.12%-ის განაკვეთით) უნდა მიეღო. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს ვალი წინაპირობიანი იყო და მის მისაღებად საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმები უნდა გაეტარებინა, ამავე ვალდებულებას ითვალისწინებდა ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმებაც”, თუმცა საქართველოს მთავრობამ ივლისში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა და მისგან გავიდა. იმის გამო, რომ საგარეო ვალით გათვალისწინებული რეფორმები არ შესრულდა აღნიშნულ მაკრო-ფინანსურ დახმარებას საქართველო ისედაც ვერ მიიღებდა, რაც 31 აგვისტოსვე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებითაც ნათლად დადასტურდა. ამ რეფორმის განუხორციელებლობის გამო საქართველოს მთავრობა 75 მილიონი ევროს დახმარებას ვერ მიიღებდა, მაგრამ მთავრობამ აღნიშნულ ფინანსებზე “უარი თქვა”, რაზეც ვალის შემცირების მოტივი დაასახელა.

ფაქტი, რომ აგვისტოში საქართველომ EIB-ის 45-მილიონიანი ტრანში უპრობლემოდ მიიღო და მასზე უარი არ უთქვამს, ხაზს უსვამს იმ გარემეობას, რომ ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე “უარი” თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ნაბიჯს წარმოადგენდა და მას “ვალის შემცირების” მოტივთან კავშირი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა