29.ივნისი .2022 15:00

მთავრობამ APM-სა და PACE-სს ფოთის პორტის შესასვლელ არხზე შეთანხმების გაფორმება დაავალა

მთავრობამ APM-სა და PACE-სს ფოთის პორტის შესასვლელ არხზე შეთანხმების გაფორმება დაავალა
views 669
უკან

საქართველოს მთავრობამ ახალი საზღვაო კოდექსის შესაბამისად ფოთის პორტის ოპერატორებს - APM Terminals-სა და PACE-ს პორტის შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა. ამას მთავრობის მიერ მიღებული 339-ე დადგენილება ითვალისწინებს.

აპრილში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ახალი საზღვაო კოდექსი, რომელმაც გააჩინა ახალი ცნება - “სანავსადგურე ერთეული”. კანონი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ ფოთის პორტის საქმიანობაზე ახდენს გავლენას, რადგანაც კანონის შესაბამისად მასში ორი “სანავსადგურე ერთეულია”, საუბარია პორტის მფლობელ APM Terminals-ზე და Pace ჯგუფზე. Pace-ი პორტის ტერიტორიაზე ნავმისადგომების ნაწილს მართავს, რისთვისაც APM Terminals-თან საიჯარო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ფოთის პორტში შესასვლელ არხზე მოვლა-პატრონობას აქამდე APM Terminals-ი ახორციელებდა, სწორედ ეს კომპანია იღებდა სპეციალურ საზღვაო მოსაკრებელს, რასაც პორტში შესული გემები იხდიდნენ, თუმცა ახალი საზღვაო კოდექსით ახლებურად დარეგულირდა პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" შორის ურთიერთობა და ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება აეკრძალა. ეს ნიშნავს იმას, რომ PACE-ის ტერმინალში მიმავალ გემს APM-ი ამ საკომისიოს ვეღარ დაუწესებს.

ახალ კანონს აპროტესტებს APM Terminals-ი, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს კანონი სახელმწიფოსა და APM-ს შორის პორტის გაყიდვის დროს დადებულ საინვესტიციო შეთანხმებას ეწინააღმდეგება. კომპანიამ აპრილში განაცხადა, რომ ისინი არც საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილს გამორიცხავენ. APM-ის თანახმად, ახალი კანონი მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს, თუმცა ზარალის შესაძლო ოდენობაზე საუბრისგან კომპანია თავს იკავებს.

"სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ, მათ შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება შესაბამის სანავსადგურე ერთეულებს შორის უნდა გაფორმდეს გონივრულ ვადაში და ის უნდა შეიცავდეს დებულებებს შესასვლელი არხის ადმინისტრირების საერთო პირობებისა და დაღრმავების ხარჯების განაწილების შესახებ.

სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის,” - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა