მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ახალი საპრივატიზაციო ნუსხა წარადგინა - რამდენად წარმატებული იყო ძველი?

5de114c572f3f
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.19 17:15
1892
საქართველოს მთვარობამ ბიზნესს დღეს 117 საპრივატიზაციო ობიექტი წარუდგინა - 150 მილიონი ლარის ღირებულებით და 2 500 ადამიანის დასაქმების პერსპექტივით. ობიექტები ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.
თუმცა, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მომზადა. “50 ქონება შენი სასტუმროსთვის”,- ასე ერქვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის მიერ რამდენიმე წლის წინ ბიზნესისთვის შეთავაზებულ პროექტს, რომელიც კერძო სექტორს საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების შესყიდვას სთავაზობდა საინვესტიციო ვალდებულებებით - ადგილზე სასტუმროები უნდა მოწყობილიყო.
Bm.ge-მ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, 2016 წლიდან დღემდე 50 ობიექტიდან, რამდენია გასხვისებული, რამდენ კომპანიას აქვს ვალდებულებები შესრულებული და რამდენს არა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 3 წელიწადში სახელმწიფომ 50 ობიექტიდან მხოლოდ ნახევარის, 25-ის გასხვისება მოახერხა.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია, რომ გასხვისებულ ობიექტებში სრულად 98,6 მილიონი ლარისა და 6,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ყველა მყიდველი ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს. თუმცა, უწყების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ყველა მყიდველს ადგილზე ინვესტიციის ჩადების ვალდებულება ხელშეკრულებით გაწერილი არ აქვს.

გასხვისებული ობიექტებიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყდა ხელშეკრულება საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდევინების მიზნით კი მიმდინარეობს სასამართლო დავა. საუბარია, ხაშურში, დაბა სურამში მდებარე მიწის ნაკვეთზე. აუქციონში ფიზიკურმა პირმა გია კუპრაძემ გაიმარჯვა. არც ამ შემთხვევაში იყო ჩადებული ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება.