08.აპრილი .2020 23:15

მთავრობამ ბანკებში ანგარიშები შეამცირა და 850 მლნ სებ-ში გადაიტანა - რას ნიშნავს ეს?

views 7246
უკან

საქართველოს კომერციული ბანკებიდან მთავრობის კუთვნილი დეპოზიტების გადინება მოხდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთავრობა მის მიერ სხვა და სხვა კომერციულ ბანკში არსებულ ანგარიშს ამცირებს და თანხები სებ-ში გადააქვს. ამ აქტივების საერთო მოცულობა კი 850 მილიონ ლარამდეა.

მთავრობის ანგარიშების გადინება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ეროვნულმა ბანკმა დღეს კომერციული ბანკების სტაბილურობის მხარდასაჭერად “საგანგებო ღონისძიებების” გატარება დაანონსა. კონკრეტულად კი საუბარია საფინანსო სფეროსთვის ლიკვიდური აქტივების მიწოდების გაზრდაზე, რისთვისაც სვოპ ოპერაციების გამოყენება არის დაგეგმილი. თავად თანხების გადატანა კი მთავრობის მხრიდან პანდემიაზე რეაგირებისთვის საჭირო სახსრების მობილიზებას უკავშირდება. 

"პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებში არსებული ანგარიშებიდან (850 მილიონ ლარამდე) თანხების ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე მობილიზებას ახდენს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა საგანგებო ზომების გატარება დაანონსა, ქვეყანაში ნაღდ ფულზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდაა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პანდემიისა და გართულებული ლოჯისტიკური შეზღუდვების ფონზე, კომპანიებისა და ფიზიკური პირების მოთხოვნა ნაღდ ფულზე 700 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 38.3%-ს, ანუ 10.16 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხაში მათ შორის საქართველოს მთავრობის ლარის დეპოზიტებიც შედიოდა, რამაც დღევანდელი განცხადების მიხედვით კომერციული საბანკო სექტორიდან ეროვნულ ბანკში გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სისტემის ლიკვიდობის შესანარჩუნებლად დაანონსებული პროგრამის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა