მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ C ჰეპატიტის მართვის ბიუჯეტი შეამცირა

6140bb75a41fe
ინგა მურუსიძე
14.09.21 19:44
806
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც “C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის” ბიუჯეტი მცირდება. 2021 წლის განახლებული ბიუჯეტით, პროგრამის დაფინანსება 7 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა 10 სექტემბრის დადგენილებით, მისი მოცულობა 4.6 მილიონ ლარამდე შემცირდა.

უფრო დეტალურად, პროგრამის განახლებული ბიუჯეტი ასე ნაწილდება:

1 სკრინინგული კვლევის კომპონენტი - 1,323,500 ლარი;
2 დიაგნოსტიკის კომპონენტი - 2,650,000 ლარი;
3 მკურნალობის კომპონენტი - 300,000 ლარი;
4 ლოჯისტიკის კომპონენტი - 350,000 ლარი;
სულ - 4,623,500 ლარი.

რატომ შეამცირა მთავრობამ C ჰეპატიტის მართვის ბიუჯეტი? - BM.GE ამ თემაზე ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს  ესაუბრა. როგორც ეკა ადამია განმარტავს, პროგრამის ბიუჯეტის შემცირება აუთვისებელ ფინანსურ რესურსს უკავშირდება, რაც თავის მხრივ, პანდემიის გამო, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია.

„პროგრამის ბიუჯეტი შემცირდა, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია. პერიოდულად ხდება ხოლმე თანხების გამოთავისუფლება სხვადასხვა პროგრამიდან და სხვაგან არსებულ ხარჯებს ფარავს. მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის პროგრამა დამოკიდებულია მთლიანად პაციენტების მომართვიანობაზე. თებერვლიდან მოყოლებული პაციენტების მომართვიანობის მაჩვენებელი დაკლებულია. მიმართვიანობის შემცირება პანდემიას და გართულებულ მობილობას უკავშირდება - სხვადასხვა ვირუსით დაავადებული ადამიანები ცდილობენ, ნაკლებად გადაადგილდნენ ქუჩაში, პანდემიის გამო. ამან გამოიწვია ფინანსური რესურსის დაგროვება. ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში ნაკლები თანხა დაიხარჯება პროგრამაზე, უბრალოდ, ახლა გამოთავისუფლებული თანხა სხვა მხრივ მიიმართა“, - განმარტა ეკა ადამიამ და დასძინა, რომ დადგენილებაში შესული ცვლილება მომავალში თავად პროგრამის ბიუჯეტის შემცირებას არ ნიშნავს.

„მომავალ წელს პროგრამის ბიუჯეტი კვლავ ჩვეულებრივი იქნება, რადგან ვგეგმავთ, ისევ აქტიური კამპანია ვაწარმოოთ, რათა მეტი პაციენტი ჩაერთოს“, - აღნიშნა მან.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლიდან ამოქმედდა და მის ფარგლებში მოქალაქეები ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, Gilead-ის მიერ შექმნილი პრეპარატებით უფასოდ მკურნალობენ.