მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკის სექტორების ჩამონათვალი, რომელთაც საქმიანობა არ ეზღუდებათ

5e8602ebd7d94
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.20 19:40
3269
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 211-ე დადგენილება, რითიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა. საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც 30 მარტს დამტკიცებულ დადგენილებაში გამონაკლისებად არ იყო აღიარებული. ამასთანავე, განახლებულ დოკუმენტში დაზუსტდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება შეუძლიათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც სრულად დისტანციურად (სახლიდან გაუსვლელად) საქმიანობენ. განახლებულ საგამონაკლისო სიაში დაემატა სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, IT მომსახურება, თამბაქოს წარმოება და რეალიზება, მშენებლობა (მოთხოვნების დაცვით) და სხვა სფეროები.

სრულად საგამონაკლისო წესით განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი, ანუ სფეროების სია, რომლებზეც არ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ასეთია:

  • სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; 
  • შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზირებული სავაჭრო ჯიხურებისა); 
  • სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთბვის); 
  • სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; 
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; 
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება, მიწოდება; 
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 
  • საგამომცემლო საქმიანობა, პრესის ბეჭდვა; 
  • ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; 
  • IT და სერვერული ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); 
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; პროდუქტიც სერტიფიკაციის ინსპექტირების ორგანოები; 
  • სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა (დისტანციურად); 
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 
  • შენობის საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; 
  • დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მომსახურება; 
  • 24-საათიანი სპეციალიზირებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); 
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); 
  • ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად); 
  • სამაცივრე მეურნეობების საქმიანობები; 
  • საბაჟო საწყობები; 
  • ცხოველთა სასაკლაოები; 
  • სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; 
  • სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები; 
  • სასათბურე მეურნეობები; 
  • საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა. 


სექტორების ჩამონათვალი, რომელთაც საქმიანობა არ ეზღუდებათ მთავრობის დადგენილების მეშვიდე მუხლიდან და დადგენილების ნომერი 2 და ნომერი 3 დანართიდან არის შედგენილი. თავად დადგენილების მეშვიდე მუხლი კი ამგვარ შეზღუდვებს აწესებს:

„მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);“;

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა. 

ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;

უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).“;

„1​1. დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).“.