მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ იმერეთში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა

5ddffb62b4a24
BM.GE
28.11.19 21:46
1201
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, რომლითაც იმერეთის მხარეში სოფლების - ხვანის, ჭალოვანის, ნიგვზარას, ბერეთისა და კოლბოურის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება.

მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია დაახლოებით 1500 მგვტ, წლიური 5 მლრდ. კვტ.სთ გამომუშავებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში 2021 წლის ჩათვლით შესაძლებელია მხოლოდ 350 მგვტ-მდე სიმძლავრის ქარის სადგურების ინტეგრირება სისტემაში არსებული დღევანდელი რეზერვების გათვალისწინებით.

„სამომავლოდ რეზერვების ზრდასთან ერთად, ქარის სადგურების მშენებლობა უფრო მეტი ინტენსივობით იქნება შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 330-350 მგვტ. ქსელში ინტეგრირებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კერძო კომპანიებთან სამშენებლო მემორანდუმების გაფორმების პროცესი,“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქარის ენერგეტიკის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ინვესტორებთან როგორც ჰიდრო, ასევე თბოელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. 2018 – 2019 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰესი, რომელთა დადგმულმა სიმძლავრემ დაახლოებით 100 მვტ-ი, ხოლო ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა 210,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსებით მოხდეს. ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და რამდენიმე ათეული ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.

ეკონიმიკის უწყების ცნობით, 2018 – 2019 წლებში საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში  201 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიტანს. მიმდინარე წლის აპრილში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაზე. გარდა ამისა, 2020 წელს ექსპლუატაციაში შევა 230 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში.

„ენერგეტიკა არის ის სფერო, სადაც ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ჩვენ ამ მიმართულებით ხელს ვუწყობთ დარგის დივერსიფიკაციას და განახლებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.