მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ IMF-თან ახალ პროგრამაზე იმსჯელა

607d7979d65ae
BM.GE
19.04.21 16:38
527
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე იწყებს მოლაპარაკებებს - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. სავალუტო ფონდთან არსებული წინა პროგრამა, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, 7 აპრილს დასრულდა. პროგრამის ბოლო, მერვე მიმოხილვის დასრულებასთან ერთად, საქართველოსთვის დამატებით $111 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი.

დღს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგს შეხვდნენ. შეხვედრა IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

"საუბარი, ასევე, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებზეც ფონდთან შესაძლოა, გაგრძელდეს მუშაობა შემდგომი პროგრამის ფარგლებში," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

განცხადების თანახმად, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება.

"სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით. ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით," - ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წელს სავალუტო ფონდი საქართველოში 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა რეფორმების განხორციელება ჩაიდება ახალი პროგრამაში სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების საგნად. წინა პროგრამების ფარგლებში IMF-ი საქართველოს მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყებას ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას.