მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ მეხორბლეთა მიმართვის საფუძველზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო - სილაგავა

641d69107391e
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 20:35
768
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, დარგის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ ხორბლის მწარმოებელთა და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციებმა დამოუკიდებლად მიმართეს და საკითხი მთავრობის 2 სხდომაზე განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება პურის ფასის შესაძლო გაძვირების რისკების გამო ვერ მიიღეს. დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ პურის გაძვირების რისკები დღეს არ არსებობს.

„მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრა მათ მათ შორის დეპუტატებთან გამართეს. დღეს მთლიანად ის სინქრონი, რომელიც გამართული უნდა იყოს - ადგილობრივი წისქვილების ჩაბარება წისქვილებში და წისქვილებში მუშაობა დღეს დარღვეულია. ამის გამო ისინი ვერ აბარებენ ხორბალს და ვერ იწყებენ ახალ საგაზაფხულო სამუშაოებს და ვერ ემზადებიან ახალი მოსავლისათვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობის სტრატეგიის მიხედვით, ხორბლის თვითუზრუნველყოფა 10%-დან 50%-მდე უნდა ავიდეს. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი შეთავაზებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გარკვეული გადასახადის შემუშავება, რათა წისქვილებმა იმუშაონ და ხორბლის ჩაბარება შესაძლებელი იყოს.

მთავრობის ორ შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა, იქიდან გამომდინარე რომ არსებობს პურის გაძვირების საშიშროება. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 45 ლარია, რაც ისტორიული მინიმუმია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს პურის ფასის გაძვირების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რასაც პურის მწარმოებლებიც ადასტურებენ“, - განაცხადა სილაგავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟით შემოტანის გამო, ხორბლის იმპორტი შემცირდა და ბიზნესის ნაწილი ფქვილის იმპორტზე გადავიდა, რომელზეც რუსეთში ექსპორტისას ნულოვანი ბაჟი მოქმედებს. ხორბლის იმპორტის შემცირებამ ქვეყანაში მოქმედი წისქვილების გაჩერება გამოიწვია, მეხორბლე ფერმერებს კი ხორბლის მარაგები ჩაუბარებელი დარჩათ. ამის გამო ისინი საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ იწყებენ და ახალი მოსავლის მიღებისთვის ვერ ემზადებიან. აქედან გამომდინარე ხორბლის მწარმოებელთა და ასევე მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას მიმართა და საკითხის გადაწყვეტის მიზნით ფქვილის იმპორტზე საპასუხო გადასახადის დაწესება მოითხოვა. მათი განცხადებით, ეს ხორბლისა და ფქვილის იმპორტს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, შედეგად წისქვილები ამუშავდებიან, ფერმერების კი ხორბლის ჩაბარებასა და საჭირო სამუშაოების შესრულებას შეძლებენ, რათა ახალ სეზონზე ხორბლის ახალი მოსავალი მიიღონ.