მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "მშენებლობა განვადებით" დაიწყო და ₾37-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

62e3aa81e35e0
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.22 13:40
6762
საქართველოს მთავრობამ "მშენებლობა განვადებით" დაიწყო. 28 ივლისს, 23:40 წუთზე გამოცხადდა 36.6-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის და დაბა კაზრეთის წყლის სისტემის მშენებლობის სამუშაოებს შეიძენს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მთავარი სხვაობაა გადახდის სისტემა, რომლითაც პროექტის დაფინანსება მოხდება. თუკი აქამდე სამშენებლო კონტრაქტებში გავრცელებული პრაქტიკა იყო ბიუჯეტის მიერ შესყიდვის პირველივე წელსვე მსხვილი ავანსის ჩარიცხვა, განვადებით მშენებლობის შემთხვევაში კი, პროექტი ავანსის გარეშე დაიწყება.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერის პრეტედენტებმა უნდა წარადგინონ ქართული ან უცხოური ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო ხაზი, რომლის ღირებულებაც პროექტის ჯამური საფასურის არანაკლებ 10%-ია. სწორედ მოზიდული სესხით ან საკუთარი კაპიტალით უნდა დაიწყოს კომპანიამ პროექტის მშენებლობა.

“პრეტენდენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) წარმოადგინოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ღირებულების დამტკიცებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება/დოკუმენტი, ან/და საბანკო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი რაც უნდა ადასტურებდეს, ამავე ოდენობის ფულადი სახსრების არსებობას მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ან/და წარმოადგინოს როგორც საკრედიტო ხაზის დამატასტურებელი დოკუმენტი, ასევე ინფორმაცია საკუთარ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების შესახებ, იმდაგვარად, რომ მათი ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 10%-ზე ნაკლები,”-ნათქვამია დოკუმენტში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დაფინანსება 2022-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით მოხდება.

“ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად: 2022 წელს არაუმეტეს წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობით, 2023-2025 წლებში არანაკლებს წელიწადშო ორჯერ, ხოლო 2026 წელს ერთჯერადად(2,5 %).

მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ფინანსური გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს იმდაგვარად, რომ 2023 წლის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ ხელშეკრულების ღირებულების 12%-ს, 2024 წლის ფარგლებში არანაკლებ 45%-ს, ხოლო დარჩენეილი ნაწილი 2025 წელს,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

2022 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ახალ მოდელს დაამტკიცებდა, რომლითაც მოკლე ვადაში რამდენიმე მილიარდის სამუშაოებს შეასრულებდა. ამ განცხადებების მიუხედავად, პროექტის ზუსტი დეტალები, ასევე მის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების მასშტაბები დღემდე უცნობია.