მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ქუთაისის პარლამენტის შენობას ფუნქცია 10 თვეა ვერ მოუძებნა - რა დაჯდა ობიექტის შენახვა

5da1d92c80978
თელარა გელანტია
13.10.19 20:00
2660
მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა და საკანონმდებლო საქმიანობა სრულად დედაქალაქში მიმდინარეობს; ქუთაისში კი, უკვე პარლამენტის ყოფილი შენობა უკვე მე-10 თვეა უფუნქციოდ დგას.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, პარლამენტის შენობა ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის ბალანსზე ირიცხება. შესაბამისად, პარლამენტის ბიუჯეტი იხდის უფუნქციო შენობის კომუნალურ ხარჯებსაც.

საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით, პარლამენტის შენობის კომუნალურ ხარჯებში 689,326 ლარია გადახდილი. კერძოდ, ელეტქრონერგიაზე - 398,290 ლარი, წყალზე- 201,050 ლარი, ხოლო გაზზე - 89,986 ლარი.

გარდა ამისა, Bm.ge დაინტერესდა, გადაწყვიტა თუ არა საქართველოს მთავრობამ ამ შენობის ბედი და დაფუძნდება თუ არა ადგილზე პოლიციის რეგიონული ცენტრი, რაც გასული წლის ბოლოს მაშინდელი შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დაანონსა.

„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ. ჰაბი ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს“, - ამბობდა ნათია მეზვრიშვილი 2018 წლის ბოლოს.

ამ განცხადებიდან 10 თვის თავზე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და გიორგი გახარია - მთავრობის მეთაური, ქუთაისის პარლამენტის შენობის საბოლოო ფუნქცია კი, კვლავ გაურკვეველია.

ოფიციალური წერილის საპასუხოდ, Bm.ge-ის შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე დაგეგმილია პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება და ამჟამად კონცეფციას ამუშავებენ.
„ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე დაგეგმილია პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი და გაერთიანდება სხვადასხვა საპოლიციო სერვისი, როგორიცაა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სსიპ(ებ)ი დაცვის პოლიცია, აკადემია და სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფები. აღნიშნული ცენტრის განვითარებისთვის მომზადებულია შესაბამისი კონცეფცია, რომელიც ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს ფაზებად. მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“, - ნათქვამია შსს-ს წერილობით პასუხში.