მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ რეგიონების წყალმომარაგებისთვის ₾150-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა

637e00c74385d
BM.GE
23.11.22 15:16
555
მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონების წყალმომარაგებისთვის 153 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. ამ პროექტების შედეგად, კახეთის ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახალი წყალმომარაგების სისტემა უნდა აშენდეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ პროექტების დაფინანსება კომპანიის 2023-2027 წლების ბიუჯეტიდან მოხდება.

ეს ტენდერებია:

• გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის I ეტაპის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა - 24 მილიონი ლარი;
• გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის I ეტაპის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა - 37 მილიონი ლარი;
• გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის II ეტაპის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა - 19 მილიონი ლარი;
• გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაზარლოსა და ქესალოს წყალმომარაგების სისტემის მოწყობის II ეტაპის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა - 35 მილიონი ლარი;
• დაბა ლენტეხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 11.5 მილიონი ლარი.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა და საარბიტრაჟო დავებია მოსალოდნელი, რისთვისაც სახელმწიფო შპს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დაქირავებას გეგმავს. ამაზე კი 3.5 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.

BMG-ის მიერ კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საუბარია $91 მილიონის ღირებულების კონტრაქტებზე, რომლებიც ფოთის და მარნეულის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა კონტრაქტორებმა Akelik Group OJSC-იმ და Tahal Group BV-იმ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, ამიტომაც მათთან კონტრაქტები გაწყდა.