მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საბაჟოზე საექსპორტო ღვინის მონიტორინგისთვის SGS-ი დაიქირავა - ჩატარდა 198 ინსპექცია

629880deba128
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.22 13:26
759
2021 წლის განმავლობაში ქართული ღვინის და ბრენდის ექსპორტით კომპანიებმა 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული მოცულობაა. მხოლოდ ღვინის ექსპორტმა $250 მილიონ დოლარს მიაღწია. როგორც ირკვევა, მთავრობა 2021 წლიდან მოყოლებული საექსპორტო ღვინის ხარისხის მონიტორინგს აწარმოებს. ამის შესახებ მთავრობის საქმიანობის ანგარიშში არის საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფომ ამ მიზნით შვეიცარული კომპანია SGS-ი და ფრანგული კომპანია Bureau Veritas-ი დაიქირავა.

“ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ფალსიფიცირებული და უხარისხო ღვინო პროდუქციის აღკვეთის მიზნით, ინსპექტირება განხორციელდა 49 კომპანიაში, ხოლო სახელმწიფო კონტროლი − 38 კომპანიაში. საექსპორტო ღვინის ხარისხის უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, 2021 წლის ივნისიდან, სერტიფიცირებული საექსპორტო ღვინის ინსპექტირება დამოუკიდებელმა, ავტორიტეტულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა „SGS“ და „Bureau Veritas“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დაიწყეს. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 198 საინსპექციო კონტროლი,”- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ფრანგული კომპანია Bureau Veritas-ი 1828 წელს დაფუძნდა და ის ღვინის ტესტირებასა და სერტიფიცირებაზე სპეციალიზდება. შვეიცარიული კომპანია SGS-ი კი 1878 წელს დაფუძნდა და ის მსოფლიოს მასშტაბით ვაჭრობის და ხარისხის კონტროლის სერტიფიცირების სერვისის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია.