მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის საგადასახადო შეღავათების მისაღებად აუცილებელი ნებადართული საქმიანობების სახეები დაამტკიცა - ბლოგი

5f804c65a9c07
BM.GE
09.10.20 15:40
3088
აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili (საერთაშორისო ქსელის Kreston International-ის წევრი) საერთაშორისო საწარმოს საგადასახადო შეღავათებისა და სტატუსის მისაღებად განსაზღვრული ნებადართული საქმიანობების სახეების მიმოხილვას გთავაზობთ.


სანამ ნებადართული საქმიანობის სახეების ჩამონათვალზე გადავიდოდეთ მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის საგადასახადო შეღავათები რასაც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე პირებს სთავაზობს:


· საერთაშორისო საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას გადასახდელი მოგების გადასახადის განაკვეთი შეადგენს 5%-ს (სტანდარტული 15%-იანი განაკვეთის ნაცვლად).

· საერთაშორისო საწარმოს მიერ ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიც ასევე 5%-ია* (სტანდარტული 20%-ის ნაცვლად).

· საწარმო არ აკავებს და არ იხდის პარტნიორისთვის დივიდენდის გაცემისას გადახდის წყაროსთან დასაკავებელ გადასახადს (5%-ს).

· საერთაშორისო საწარმო არ იხდის ქონების გადასახადს (გარდა მიწისა), იმ ქონების ნაწილში რომელიც გამოიყენება მთავრობის მიერ განსაზღვრული ნებადართული საქმიანობის ფარგლებში.

· საწარმოს უფლება აქვს შეიმციროს დასაბეგრი მოგების თანხა (რაც იბეგრება ზემოთ ხსენებული განაკვეთით) საქართველოში რეზიდენტისთვის გადახდილი ხელფასის ხარჯითა და სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯებით.

· მომსახურების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გაწევისას მიწოდება არ იბეგრება დღგ-ით (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების შემთხვევაში).



*აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ცვლილებებამდე საერთაშორისო საწარმოს მიერ ხელფასის გაცემისას დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი იყო 0%.


საერთაშორისო საწარმოს სტატუსი 2019 წლიდან არსებობს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ამ დრომდე არ იყო განსაზღვრული ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი აღნიშნული სტატუსი და შესაბამისად ამ ნაწილში დადგენილი საგადასახადო შეღავათები ფაქტობრივად არ მოქმედებდა. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ საქმიანობების ჩამონათვალი რომლის განმახორციელებელ პირებს შეუძლიათ შეუზღუდავად ისარგებლონ ზემოთ ხსენებული ყველა შეღავათით.


ასეთ ნებადართულ საქმიანობებს განეკუთვნება:


ა) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.2 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:

ა.ა) 58.2 − პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;

ა.ბ) 58.21 − კომპიუტერული თამაშების გამოცემა;

ა.გ) 58.29 − სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;

ბ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 62 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:

ბ.ა) 62.0 − კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;

ბ.ბ) 62.01 − კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები;

ბ.გ) 62.02 − საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;

ბ.დ) 62.03 − კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები;

ბ.ე) 62.09 − საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები;

გ) ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;

დ) ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება;

ე) ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;

ვ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;

ზ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

თ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;

ი) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება;

კ) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები;

ლ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები;

მ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);

ნ) ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია;

ო) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია;

პ) გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, მათ შორის:

პ.ა) გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ (ბერბოუტ-ჩარტერი);

პ.ბ) რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი;

პ.გ) გემის კაპიტნისათვის დამფრახტველთან შეთანხმებული რეისის ინსტრუქციების მიცემა;

პ.დ) სტალიური დროის დათვლა, დისბურსმენტის ანგარიშის ანალიზი და მართვა;

პ.ე) ტვირთთან დაკავშირებული მოთხოვნების, კომერციული, სამართლებრივი საკითხებისა და დაფრახტვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების (ჩარტერის) დავების მართვა;

პ.ვ) ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა-გაყიდვის მომსახურება;

პ.ზ) გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით გემთმომარაგება;

პ.თ) გემთმშენელობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექციების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად;

პ.ი) გემის გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM) კოდექსთან, დროშისა და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნებსა და საკლასიფიკაციო საზოგადოების წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.



შენიშვნა: მოცემული დანართის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.



სტატუსის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა ის რომ საერთაშორისო საწარმო ოპერირებდეს მხოლოდ ხსენებული ნებადართული საქმიანობის ფარგლებში და გააჩნდეს საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.



კანონმდებლობა უშვებს გამონაკლის შემთხვევას რა დროსაც საერთაშორისო საწარმოს აქვს უფლება მიიღოს ნებადართული საქმიანობისგან განსხვავებული სხვა შემოსავლებიც თუმცა ასეთი შემოსავლები არ უნდა აჭარბებდეს მისი ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების 2%-ს.



იმ შემთხვევაში თუ პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისი განკარგულების გამოცემის საფუძველზე.



აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili მომავალშიც განაგრძობს საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვის მომზადებას და ბიზნესის ინფორმირებას მათთვის საინტერესო საკითებთან დაკავშირებით.