30.იანვარი .2020 14:46

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

views 163
უკან

ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც, გაეროს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმასთან (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში 5 ძირითად ამოცანას და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოების დონის, საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობის, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონისა და საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესება - ეს არის ის ხუთი ძირითადი მიმართულება, რომლებიც 2020 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტებად განისაზღვრა.

ამ მთავარი მიმართულებების ფარგლებში, 2020 წლის პერიოდში იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორიცაა:

ა) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შემდგომი მხარდაჭერა და განვითარება;

ბ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მათი ნაწილების და სისტემების წარმოებისა და შემდგომში აღიარებისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნის მიზნით, გაეროს "ტიპის აღიარების შესახებ" 1958 წლის შეთანხმების დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა;

გ) მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა;

დ) საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სრული აღრიცხვა და ანალიზი მონაცემთა ერთიანი ბაზის საშუალებით და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი უწყებებისთვის არსებულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) შსს მოსამსახურეების გადამზადება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ სრული და ხარისხიანი მონაცემების შესაგროვებლად;

ვ) ეროვნული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამატებითი განვითარება, ვიდეოკამერების შესყიდვა და დამონტაჟება;

ზ) საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციების მოწყობა საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე;

თ) უსაფრთხო ინფრასტრუქტურის/გზების უზრუნველყოფისკენ მიმართული რიგი ღონისძიებებისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც დაფინანსდება მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში;

ი) მართვის მოწმობის გამოცდების რეალურ პირობებში გატანა;

კ) დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ე.წ. „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვა (ITS);

ლ) მაღალი ხარისხის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით სასწრაფოს მედპერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლების განხორციელება (სასწრაფოს ბრიგადების ტრენინგები) და სხვა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა და პარლამენტს გადაეგზავნა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის, საგზაო ქსელში ე.წ. „შავი წერტილები“ განისაზღვრება და იქმნება საკანონმდებლო საფუძველი სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისთვის.

„შავ წერტილად“ განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300 მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ ოთხი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და დაღუპვით დასრულებული არანაკლებ ათი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილების ზუსტი განსაზღვრისა და მათზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მიწოდებული ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს „შავი წერტილის“ აღმოფხვრის და მასზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, რაც შესაძლოა, გულისხმობდეს როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას.

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 4 წლიანი სტრატეგია 2016 წელს დამტკიცდა. სტრატეგია მულტისექტორული თანამშრომლობის ფარგლებში განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს, რომელთა შესრულებაც გააუმჯობესებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებას უზრუნველყოფენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა