01.აპრილი .2020 18:14

მთავრობამ საკვების გარდა ყველა სხვა სახის "დელივერი" სერვისი აკრძალა

views 3695
უკან

საქართველოს მთავრობის 204-ე დადგენილებით, საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება ე.წ. „დელივერი სერვისი“ იმ ეკონომიკურ საქმიანობად ჩაითვალა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ვადით არ ჩერდება და მუშაობს აგრძელებს. ბოლო 2 დღის განმავლობაში bm.ge-მ არაერთი კითხვა/შეტყობინება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რატომ მოხვდა გამონაკლისში მხოლოდ საკვების მიტანის სერვისი და არა - სხვა ნივთების თუ პროდუციის.

ჯერჯერობით, ამ კითხვის დასმა მთავრობის წევრების ტრადიციულ ბრიფინგებზე ვერ მოვახერხეთ, ამიტომ ცხელ ხაზზე (144) დავრეკეთ, სადაც კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ „ამ ეტაპზე დისტანციური სერვისით ყველანაირი პროდუქციის მიწოდება აკრძალულია გარდა სურსათისა”.

Bm.ge-ის კითხვაზე - რა პრინციპით ამოქმედდა მსგავსი აკრძალვა, სამთავრობო ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ „სავარაუდოდ, ეს ჩვენი, თქვენი და ყველას უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო“, მაგრამ უფრო კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს, მათ შორის ვერც იმაზე, ხომ არ იგეგმება გამონაკლისების დაშვება სხვა საქონლის მიტანასა და ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმებისთვის. 

“ეს კითხვები დარგობრივად ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის”, - გვითხრა ცხელი ხაზის ოპერატორმა.

თემასთან დაკავშირებით, BM.GE ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს და მათ პოზიციას შემოგთავაზებთ.

აკრძალვა საფოსტო გზავნილებისა და ამანათების მიტანას არ ეხება.