მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობამ S&P-ის მიერ ქვეყნის ეკონომიკის გაზრდილ პროგნოზზე გათვლა არ უნდა გააკეთოს“ - კუკავა

63146900de0f6
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.22 13:33
753
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიერ განახლებული შეფასების მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია. S&P აცხადებს, რომ რუსი მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასევე გაზრდილი ტურიზმი საქართველოს ადგილობრივი მოთხოვნის სტიმულირებას ახდენს. S&P აცხადებს, რომ არსებულ რეალობაში ისინი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნებენ, ასევე უცვლელია საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი.

რამდენად მდგრადია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს განახლებული პროგნოზი ქვეყნისთვის - BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ წამყვანის ამ კითხვას PMCG-ის ეკონომისტმა მიხეილ კუკავამ უპასუხა. მისი განცხადებით, პროგნოზის მდგრადობის განსაზღვრა რთულია და საქართველოს მთავრობამ ამაზე გათვლა არ უნდა გააკეთოს და კმაყოფილებას არ უნდა მიეცეს.

„S&P-ის შეფასება იმ ცვლილებებს ასახავს, რომელიც 2022 წელს გვქონდა და რის პროგნოზირებაც მანამდე შეუძლებელი იყო. ეს იქნება პირველ რიგში მიგრანტების ნაკადი რუსეთიდან და ბელარუსიდან. ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილებას ამ ფაქტორმა ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

რამდენად მდგრადია ეს პროგნოზი - ეს ისეთი კითხვაა, რომელიც სცილდება ეკონომიკას და დამოკიდებულია იმაზე - რა დამატებით ღირებულებას შექმნიან ეს ადამიანები ამ პერიოდში, რამდენად მდგრადი იქნება ეს დამატებითი ღირებულება და როდის დატოვებენ ისინი ქვეყანას, რის მონაცემებიც ჯერჯერობით არ გვაქვს. ფაქტი, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებიან, სულ რომ არ აწარმოონ ბიზნესი, ისინი ამ ქვეყანაში იღებენ ანაზღაურებას და ხარჯავენ ფულს, რაც მოხმარებას ზრდის, ეს კი ეკონომიკისთვის ძალიან კარგია.

მაგრამ მდგრადობა უმთავრესი კითხვაა, რომელიც უნდა გვაწუხებდეს. ეს ადამიანები არ არიან მომართული საქართველოში, ისრაელში, თურქეთსა თუ სომხეთში დარჩენისთვის, რა მიმართულებითაც ეკონომისტის ანალიზით ამ მიგრანტების ნაკადები დაიძრა. ამასთან აღსანიშნია, რომ მიგრანტთა ერთი მეოთხედი საქართველოში ჩამოვიდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ამდენად, მთავრობამ გაზრდილ პროგნოზებზე გათვლა არ უნდა გააკეთოს და კმაყოფილებას არ უნდა მიეცეს, რომ ის საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვინარჩუნდება. ეს მოკლევადიანი პერიოდის პერსპექტივაა, შეიძლება საშუალოვადიან პერიოდში გადაგვყვეს, მაგრამ გათვლა ამაზე არ უნდა გაკეთდეს, ეს არასწორი იქნება“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

PMCG-ის ეკონომისტი თვლის, რომ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია აქცენტები რეფორმისტულ ნაბიჯებზე გაძლიერდეს, რამეთუ 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობის პერიოდში „რეფორმისტული დღის წესრიგი უკიდურესად არაამბიციურია“.

„ამ ვითარებაში გათვლა შეიძლება გაკეთდეს ქვეყნის მთლიან გადაწყობაზე, რასაც რეფორმისტული ნება სჭირდება. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ 2012 წლიდან არაერთი მიმართულებით პროგრესი გვაქვს, რეფორმისტული ნება ძალიან მინავლებულია, მათ შორის რეფორმისტული დღის წესრიგი უკიდურესად არაამბიციურია, თუ წინა ხელისუფლების რეფორმისტულ დღის წესრიგს შევადარებთ. ამდენად არაამბიციურობაა ის, რაც ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებს“, - განმარტა ეკონომისტმა.