მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სეკიურიტიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

63442af0cbe9b
BM.GE
10.10.22 18:25
1550
საქართველოს მთავრობამ დღეს სეკიურიტიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ დღესვე კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 წლების სტრატეგიაც დაამტკიცა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა საკითხებს მოაწესრიგებს სეკიურიტიზაციის კანონპროექტი, თუმცა ცნობილია, რომ ის ფასიანი ქაღალდების განთავსების წესებთან იქნება დაკავშირებული.

„დოკუმენტი სრულ თანხვედრაშია ჩვენს ვალდებულებებთან ევროკავშირთან მიმართებაში, ანუ ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები სრულადაა ასახული კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. იცით, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია კაპიტალის ბაზრის რეფორმის კუთხით და ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღეთ და კანონპროექტები წარვადგინეთ პარლამენტში. დღესაც ერთ-ერთი დამატებითი კანონპროექტი დაამტკიცა მთავრობამ - სეკიურიტიზაციის შესახებ, რომელიც პარლამენტს დღესვე წარედგინება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წლის განმავლობაში მთავრობას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა ექნება, რომლებიც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს უფრო მეტად განავითარებს. მისი თქმით, ამავე დროს ამ გეგმაში საუბარია ინსტიტუციურ მოწყობაზე და ინსტიტუციური შესაძლებლობების იმგვარად განვითარებაზე, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმითაა გათვალისწინებული, ქმედითი იყოს და არსებობდეს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები.

„ამის შესახებ საუბარი გვქონდა კერძო სექტორთანაც, ბიზნესასოციაციასთან შეხვედრისას - რომ ჩვენ საბანკო დაკრედიტების გარდა გვჭირდება ალტერნატიული, მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები და სწორედ ამ კუთხით ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის სწრაფად განვითარებაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.