18.სექტემბერი .2019 10:29

მთავრობამ სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტს დავით ნარმანიას კანდიდატურა წარუდგინა

views 1744
უკან

საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა. ეს სემეკ-ის მოქმედი წევრი დავით ნარმანიაა.

როგორც BM.GE-ის საქართველოს პარლამენტში დაუდასტურეს, ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც საკითხი საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურას მთავრობა პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

სემეკ-ში BM.GE-ის განუცხადეს, რომ დავით ნარმანია გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პარლამენტის მიერ ნარმანიას კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის სემეკის თავმჯდომარის პოსტს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში დაიკავებს, რადგან იგი 2017 წელს პარლამენტმა სემეკ-ის წევრად დაამტკიცა და ორწლიანი გამოცდილება კომისიის წევრის თანამდებობაზე უკვე აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნარმანია სემეკ-ის წევრობამდე, 2014 –2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა.

ბიოგრაფიული ცნობები დავით ნარმანიას შესახებ:

განათლება:

2002 – 2005 ასპირანტურა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2006) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: „სექტორული ეკონომიკა (მრეწველობა)“;

2000 – 2002 ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაცია (2002 წ.). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საერთაშორისო ბიზნესის მართვის” სპეციალობა;

1996 – 2000 ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის კვალიფიკაცია (2000 წ.) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის” სპეციალობა.

სამუშაო გამოცდილება:

01/1999 – 02/2001 ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;

03/2001 – 07/2003 უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი, „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროები“;

07/2003 – 04/2004 საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი, „საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი“;

04/2004 – 12/2005 გენერალური დირექტორი, კომპანია „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი“;

01/2005 – 01/2006 გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;

05/2005 – 01/2006 უფროსი ბიზნეს-კონსულტანტი, „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი“ - CERMA;

01/2006 – 12/2007 გამგეობის თავმჯდომარე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;

01/2008 – 12/2009 კვლევითი განყოფილების უფროსი, „საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრი“;

01/2009 – 10/2012 აღმასრულებელი დირექტორი, ,,კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“ - CIESR;

10/2012 – 04/2014 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

10/2012 – დღემდე პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

08/2014 – 10/2017 ქ. თბილისის მერი.