25.ივნისი .2020 12:25

მთავრობამ შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოპოვების ლიცენზია ავსტრიულ OMV-ს მიანიჭა

მთავრობამ შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოპოვების ლიცენზია ავსტრიულ OMV-ს მიანიჭა
views 1680
უკან

საქართველოს მთავრობამ შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზია ნავთობკომპანია OMV Petrom-ს მიანიჭა, რომელიც ავსტრიული ენერგოკომპანია OMV ჯგუფის წევრია. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დღეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

“22 ივნისს ჩვენმა სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტომ ჩაატარა ღია საერთაშორისო ტენდერი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გაცემაზე შავ ზღვაზე და მინდა გითხრათ, რომ მეორე სალიცენზიო ბლოკზე, სატენდერო კომისიის დასკვნის შესაბამისად გაიმარჯვა ნავთობკომპანია OMV Petrom-მ, რომელიც არის ავსტრიული OMV ჯგუფის წევრი.

ეს ჯგუფი არის გიგანტი ნავთობის მოპოვების და გადამუშავების სფეროში. ის Forbes-ის რეიტინგით არის ნომერ მეორე ავსტრიულ კომპანიებს შორის და მეათე ევროპაში ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შორის, რამოდენიმემილიარდიანი ბრუნვით. სასიხარულოა, რომ ახალი ინვესტორი შემოდის საქართველოში,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

სახელმწიფომ შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიის გასაცემად საერთაშორისო აუქციონი 2020 წლის 15 იანვარს გამოაცხადა. ტენდერში წინადადების წარდგენის ვადა 30 აპრილს ამოიწურა. 

სალიცენზიოდ გამოტანილი იყო II და III სალიცენზიო ბლოკები. მეორე სალიცენზიო ბლოკის ფართობი 5,282 კვადრატული კილომეტრი, მესამე სალიცენზიო ბლოკის ფართობი კი, 3,468 კვადრატული კილომეტრი იყო. ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული მეორე სალიცენზიო ბლოკი ფოთის სანაპიროდან საოკუპაციო ხაზამდე, საზღვაო აკვატორიას მოიცავს.  

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა