მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შესაძლოა ენერგეტიკაში PPA ტარიფების აღდგენისკენ ნაბიჯი გადადგას

6239ef4613398
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.22 23:00
3025
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გადაცემა “საქმის კურსს” მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ განუცხადა, მთავრობა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორთა წახალისების მექანიზმის ცვლილებას განიხილავს.

როგორც ის აღნიშნავს, დაფინანსების ამჟამად მოქმედი მოდელი, რასაც Feed in Premium ტარიფი ეწოდება, არ მუშაობს, რადგანაც ამ სატარიფო პოლიტიკის პირობებში ევროპული საფინანსო ორგანიზაციები უარს ამბობენ საქართველოში ახალი ჰესების დაფინანსებაზე.

მისი განცხადებით, მთავრობა განიხილავს დააბრუნოს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც ინვესტორი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ კილოვატ საათზე 6 ცენტის შემოსავალს იღებს.

როგორც მან განმარტა, 6-ცენტიანი ანაზღაურების მოდელი ამ სისტემის მოქმედების პირველი ხუთი წლის განმავლობაში იქნება მოქმედი.

“მარტივი შეკითხვაა და რატომ გვიკვირს, არ ვიცი. ჩვენი მოხმარება ყოველწლიურად 450 მილიონი კილოვატ საათით იზრდება.

საუბარია PPA 6-ცენტიანი ტარიფის დაბრუნებაზე. ვხედავთ, რომ Feed in premium ტარიფი, რომელშიც დაფინანსებაა 1.5 ცენტი და ლიმიტია 5.5 ცენტი, არ მუშაობს. საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა EBRD და ADB პროექტებს ამ მექანიზმით არ აფინანსებენ.

თუ 6-ცენტიანი ტარიფი 10 წლის განმავლობაში დაბრუნდება, ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია: პირველი ხუთი წელი გარანტირებული ტარიფი და შემდეგ უკვე მომდევნო ხუთი წელი კონტრაქტი იმ პირობით, რომ თუ გაიყიდება მეტობით, ის სახელმწიფოს დარჩება და თუ 6 ცენტამდე, ამას სახელმწიფო დაფარავს. ამაზე მიდის ახლა საუბარი და საბოლოო ჯამში ჩვენ 6 ცენტამდე ავალთ, რაც პირველ რიგში, ძალიან კარგი სიგნალია დასავლური ინვესტიციებისთვის. რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გეგმაა, შენობებში ერთი გრადუსით სითბოს დაწევა, რაც 10 მილიარდი კუბური მეტრის დანაზოგი იქნება რუსეთზე დამოკიდებულების", - ამბობს მარგებაძე.

ცნობისთვის, 2017 წლიდან სახელმწიფოს ენერგეტიკული პროექტების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვების მემორანდუმების გაფორმება შეზღუდული აქვს. ამ ხელშეკრულებებით, რომელთაც PPA ტარიფები ეწოდებოდათ, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იღებდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ თანხად შეეძინა ელექტროენერგია. მაგალითად ეს ტარიფი შეიძლება ყოფილიყო 15 წლის განმავლობაში ზამთრის სეზონზე გამომუშავებული დენის 7 ცენტად შესყიდვა ან სხვა რაიმე ტარიფი, თუმცა IMF-მა მსგავს კონტრაქტებში სერიოზული ფინანსური რისკები დაინახა და მთავრობას მსგავსი მემორანდუმების გაფორმების რეკომენდაცია მისცა. 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი.