23.თებერვალი .2022 20:30

მთავრობამ შესაძლოა ხორბლის იმპორტი დაასუბსიდიროს - მიზეზები

მთავრობამ შესაძლოა ხორბლის იმპორტი დაასუბსიდიროს - მიზეზები
views 1113
უკან

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის დისბალანსის პრობლემა სუბსიდირების გზით გადაჭრას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დარგობრივ უწყებას უკვე მზად აქვს სამოქმედო გეგმა, თუმცა კერძო სექტორთან შეთავაზებულ პარამეტრებზე ვერ თანხმდება.

მეხორბლეები ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში ხორბლის სასურსათო მარაგები კრიტიკულ ზღვარზეა, რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფის გამო, ქვეყანაში ხორბლის შემოტანა თითქმის განულებულია, ხოლო იმის გამო, რომ მსგავსი რეჟიმი არ ვრცელდება ფქვილზე, ხორბლის იმპორტს ფქვილი ანაცვლებს. ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 3.7 მლნ დოლარის ღირებულების 11 762 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა. საიმპორტო მოცულობები წინა წლის იანვართან შედარებით თითქმის 60%-ით არის შემცირებული. 2022 წლის იანვარში ფქვილის იმპორტი კი გაიზარდა და ქვეყანაში 3 მლნ დოლარის ღირებულების 8 961 ტონა ფქვილი შემოვიდა. მთავარი საიმპორტო ქვეყანა ორივე პროდუქტთან მიმართებით რუსეთია (ფქვილი - 2.9 მლნ დოლარი, 8 889 ტონა; ხორბალი - 3.6 მლნ დოლარი, 11 396 ტონა).

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებს რა მექანიზმს სთავაზობს მთავრობა ბიზნესს იმისთვის, რომ ფქვილის და ხორბლის იმპორტს შორის ბალანსის დაჭერა მოხერხდეს, თუმცა გელა ხანიშვილი ადასტურებს, რომ მთავრობა მზად იყო ეს მექანიზმი 1 მარტიდან აემოქმედებინა, მაგრამ იმის გამო, რომ კერძო სექტორისგან საპასუხო წინადადება მიიღეს, განხილვებისთვის სავარაუდოდ დრო კიდევ დასჭირდებათ.

„სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული იყო ისეთი გამოსავალი, რომლის ფარგლებშიც როგორც პურის მცხობელები, ისე წისქვილები მათ წინაშე არსებულ ამოცანებს ჭრიდნენ და ბაზარზე არ ხდებოდა პურ-პროდუქტების გაძვირება.

ერთი კვირის წინ რამდენჯერმე იყო შეხვედრა კერძო სექტორთან. მეხორბლეთა ასოციაციამ გუშინ მოიწერა წერილი, რომელშიც პრაქტიკულად უფრო ცალ მხარეზე ზედმეტი ტვირთის დაკისრების საკითხი დააყენა, ვიდრე ჩვენ მიერ შეთავაზებული ვარიანტი იყო. ამაზე დავიწყეთ მსჯელობა და მუშა პროცესში ვართ.

ჩვენ მიერ გაკეთებულ შეთავაზებაში საუბარი არის ექსპორტის გადასახადის შედეგად წარმოქმნილი ფასებს შორის სხვაობის დაბალანსებაზე. ვფიქრობთ, მთავრობის პოზიცია კარგია, მისაღებია, მაგრამ ბიზნესის მხრიდან არის სხვა საკითხი დაყენებული და დღეს მთავრობა იხილავს მათ პოზიციას... მთავარია მოსახლეობამ არ ინერვიულოს არც მარაგებზე და არც ფასებზე.

ჩვენი შეთავაზება ძალაში რომ შესულიყო 1 მარტისთვის ამოქმედდებოდა რეგულაციები, თუმცა მათ წერილი გუშინ შემოიტანეს, რაც განხილვების გამო ვფიქრობ, დროს გადაწევს“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.

ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა მეხორბლეებთან ორ პარამეტრს განიხილავს, ერთია სარკისებურად მოხდეს საბაჟო ტარიფის დაწესება ფქვილის იმპორტზე და მეორეა გარკვეულ გადასახადთან ერთად წისქვილების სუბსიდირება განხორციელდეს.

მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მათ სუბსიდირება არ სჭირდებათ, თუმცა სხვა რა ახალ მოდელს სთავაზობენ მთავრობას, საჯაროდ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში არც ამაზე საუბრობენ. თუ მთავრობა მათ შეთავაზებას დათანხმდება, კერძო სექტორი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ქვეყანაში ხორბლის საკმარის მარაგს შექმნის და ისეთ ფასად მიაწვდის ფქვილს მეპურეებს, რომ პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა